თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეალურ დროში მოქალაქეთა მობილური და ინტერნეტ-კომუნიკაციების ფარული თვალთვალისა და მონაცემების კოპირების უფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო.
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იმით იხელმძღვანელა, რომ სუს-ს მოქალაქეთა ფარული მოსმენისა და ინტერნეტ-მიმოწერის თვალთვალის შეუზღუდავი ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია, ხოლო პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს კონტროლის ეფექტური საშუალებები არ აქვს.
სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად სცნო ის ნორმა, რომელიც სუს-ს ინფორმაციის შენახვის საშუალებას აძლევს, რადგან ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკს ზრდის.
საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
დღეს კანონი სასამართლოს გადაწყვეტილების ან პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სუს-ს თვალთვალის უფლებას აძლევს. ამ პროცესს პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორი აკონტროლებს.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია „ეს შენ გეხებას“ აქტივისტებმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შეიტანეს.