თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 18 კანონპროექტის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ფარული მოსმენისა და სატელეფონო საუბრების მიყურადების ახალი სისტემის დანერგვას ეხება.
ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიმუშავეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა, ძალოვანი სტრუქტურების, უზენაესი სასამართლოს და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ცვლილებების ინიციატორებმა ახალი სტრუქტურის — ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა გადაწყვიტეს, რომელსაც ლოკალური და გლობალური კავშირგაბმულობის ყველა საშუალებასთან და მომხმარებელთა ბაზებთან ექნება წვდომა.
სააგენტოს კომპეტენციაში შევა: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო- და ვიდეოჩაწერა, ფოტოგადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
ახალი სტრუქტურის მართვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაეკისრება, ის ქვეყნის პრემიერ–მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნაწილობრივ ელექტრონული კომუნიკაციების კონტროლსაც განახორციელებს. ამჟამად ეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეროგატივაა.
ახალმა სტრუქტურამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ავტორიზებულ საკომუნიკაციო კომპანიებს გააჩნდეთ კომუნიკაციის რეალურ დროში გადაცემის სტაციონარული საშუალებები. მათ (კომპანიებს) ასევე დაევალება სააგენტოს თანამშრომლებისთვის კომუნიკაციის სისტემის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობა, სათვალთვალო აპარატურის უფასო მონტაჟი და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კანონპროექტი პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს, შემდეგ კი მას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწეროს.