Amnesty International-მა საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები შეაფასა

© photo: Sputnik / Александр ИмедашвилиAmnesty International
Amnesty International - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის თვალთახედვაში მოხვდა „რუსთავი 2“-ის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების საქმე, ტრანსგენდერ ზიზი (ზურაბ) შეყილაძის მკვლელობა და სხვა საქმეები.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოში გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.

Amnesty International-ის მოხსენება „მსოფლიოში ადამიანის უფლებები“ 2016–2017 წლებში მსოფლიოს 159 ქვეყანას მოიცავს.

რაც შეეხება საქართველოს, Amnesty International-ის თვალთახედვის არეში მოხვდა „რუსთავი 2“-ის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების საქმე, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმე და ტრანსგენდერ ზიზი (ზურაბ) შეყილაძის მკვლელობა. 

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია გადაცემული.

„10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ტელეკომპანია ყოფილ მფლობელს უნდა გადაეცეს. კომპანიის ყოფილმა მფლობელმა განაცხადა, რომ მან კომპანია 10-ზე მეტი წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ზეწოლის შედეგად გაყიდა. დავა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ დაიწყო და ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ მას მოქმედი მთავრობა უჭერს მხარს, რათა საპარლამენტო არჩევნების წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუპორის გარეშე დაეტოვებინა“, — ნათქვამია მოხსენებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა.

ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყრდნობით Amnesty International-ი საქართველოში შერჩევით სამართალსა და მოსამართლეთა არასაკმარისი დამოუკიდებლობის შესახებ ლაპარაკობს. 

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ

მაგალითის სახით ორგანიზაციამ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ნილს მუიჟნიექსის დოკუმენტი მოიტანა, რომელიც 2016 წლის 12 იანვარს გამოქვეყნდა, რომელშიც ის წერს, რომ სასამართლოები მხარს უჭერენ ოპოზიციონერების დაპატიმრებასა და რეალური ვადით მსჯავრდებას, კერძოდ, ის საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე. 

Amnesty International-ის მოხსენებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ჩინოვნიკების საქმეც მოხვდა, რომლებიც 2014 წლის ოქტომბერში 4,1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს. 2016 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მიმდინარე წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ პირებს გაფლანგვის ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შეუცვალა და პატიმრობის ვადა წელიწად-ნახევრამდე შეუმცირა. შემდეგ ისინი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

Amnesty International-ის დოკუმენტის თანახმად, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე განაცხადა, რომ მერაბიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით „იყო უსაფუძვლო და გამოყენებულ იქნა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა, გავლენა მოეხდინათ პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაზე და ასევე მოეპოვებინათ ინფორმაცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ.

უფლებადამცველ ორგანიზაციას უყურადღებოდ არ დაუტოვებია ასევე ინციდენტი, რომელიც 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების რიგგარეშე არჩევნების დროს მოხდა. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ხუთი ექს-ჩინოვნიკი შეიწყალა

იმ დღეს საარჩევნო უბანთან ახლოს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაშავდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ ექვსი პირი დააკავეს, რომლებიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

„თვითმხილველთა სიტყვებით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ორგანიზებული იყო. ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მუშტებით ცემა დაუწყეს, წააქციეს და ხის ხელკეტებით სცემეს. ამ დროს იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს თავდასხმის აღკვეთა არ უცდიათ და თავდამსხმელებს შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება მისცეს“, — ნათქვამია მოხსენებაში. 

Amnesty International-ი სოფელ დაფნარის მკვიდრის 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამართალდამცველთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს. 

სტურუამ თავი 12 აგვისტოს მოიკლა და დატოვა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე ემუქრებოდა მას და მოითხოვდა იმ პირთა დასახელებას, ვინც სამტრედიის რაიონში მარიხუანის მოყვანით არის დაკავებული, რაც საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

წერილში დასახელებული პოლიციელი ორი კვირის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ის პოლიციიდან დაუსწრებლად დაითხოვეს. თევზაძე პოლიციაში ამის შემდეგ გამოცხადდა და ის დააკავეს.  

სასამართლო - Sputnik საქართველო
ტრანსგენდერის მკვლელობა თბილისში- ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯეს

„სიკვდილისწინა წერილში სტურუამ პასუხისმგებლობა ინსპექტორს დააკისრა და ცემა და მუქარა ახსენა. მისი ოჯახის ადვოკატის თქმით, გაკვეთამ ფიზიკური დაზიანებების კვალი აჩვენა. წლის ბოლოს მდგომარეობით, ამ საქმის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდებოდა“, — წერს Amnesty International-ი.

ცნობილ უფლებადამცველ ორგანიზაციას გვერდი არ აუვლია 2016 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრში მომხდარი ტრანსგენდერ ზურაბ (ზიზი) შეყილაძეზე თავდასხმისთვისაც. შეყილაძე სცემეს და დაჭრეს ორთაჭალის რაიონში, ავტოსადგურის ტერიტორიასთან ახლოს. ერთი თვის განმავლობაში ის საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ადგილობრივმა ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წლის განმავლობაში მათმა ორგანიზაციამ ლგბტ ქალებზე თავდასხმის, ყველაზე მცირე, 35 შემთხვევა დააფიქსირა. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი შეუერთდა ადგილობრივ უფლებადამცველ ჯგუფებს და ლგბტ პირთა წინააღმდეგ მომხდარ დანაშაულებში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაკისრების და ეფექტური გამოძიების არარსებობის გამო შეშფოთება გამოთქვა“, — ნათქვამია მოხსენებაში.

ყველა ახალი ამბავი
0