თბილისი, 20 — Sputnik. ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება — ქართველი მაყურებელი თეატრისა და კინოს საკულტო რეჟისორის ფრანკო ძეფირელის დადგმულ „აიდას“ იხილავს.
ძეფირელი — ცნობილი იტალიელი მხატვარი, პროდიუსერი, სცენარისტი, „ოსკარის“ პრემიაზე ორჯერ იყო ნომინირებული, მიიღო პრემია BAFTA, ხუთჯერ მიოპოვა დავიდ დი დონატელოს პრემია, ორჯერ — „ემის“ პრემია.
ფრანკო ძეფირელი თეატრალურ და საოპერო დადგმებს აფორმებს. რეჟისორს ეკუთვნის შექსპირის პიესების მიხედვით გადაღებული ფილმები („ჭირვეულის მორჯულება“ ელიზაბეთ ტეილორით და რიჩარდ ბერტონით მთავარ როლებში (1967) და „რომეო და ჯულიეტა“ ოლივია ჰასით და ლეონარდ უაიტინგით (1968). თანამშრომლობდა რეჟისორებთან ლუკინო ვისკონტისთან, ვიტორი დე სიკასთან, რობერტო როდელინისთან.
„აიდას“ ეს ვერსია, რომელიც თბილისში იქნება ნაჩვენები, ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელიმ 2001 წელს ბუსეტოში, ბერდის სამშობლოში, დიდი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეზე დადგა.
თბილისში „აიდა“ ძეფირელის მუდმივმა ასისტენტმა სტეფანო ტრესპიდიმ დადგა.
„აიდას“ პრემიერული ჩვენება დაგეგმილია 2017 წლის 4, 5, 7, 12, 15 და 18 მარტს. ბილეთების შეძენა თეატრის სალაროებსა და ვებგვრდზეა შესაძლებელი.
4 მარტს ფრანკო ძეფირელის დადგმის თბილისურ პრემიერას თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორი, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებული მაესტრო, დანიელ ორენი იდირიჟორებს. მთავარ პარტიებს შეასრულებენ მოწვეული ქართველი სოლისტები: ანიტა რაჭველიშვილი, იანო ალიბეგაშვილი, გია ონიანი, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ანდღულაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.
5 მარტს მაყურებლის წინაშე შერეული შემადგენლობა წარდგება — ოპერის თეატრის სოლისტებს, ორკესტრსა და გუნდს შეუერთდება უცხოეთიდან მოწვეული ორი სოლისტი. ამნერისის პარტიას ჰანოვერის შტატსოპერის სოლისტი, ქართველი მეცოსოპრანო — ხათუნა მიქაბერიძე, რადამესის როლს კი კორეელი ტენორი — ჯეიმს ლი შეასრულებს. სპექტაკლს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
7 მარტის სპექტაკლში მსოფლიოს წამყვანი თეატრებიდან მოწვეული სოლისტები იმღერებენ: აიდა — ჩელია კოსტეა — რუმინელი სოპრანო, ამნერისი — სანია ანასტასია — სერბი მეცოსოპრანო, რადამესი — რუდი პარკი — კორეელი ტენორი, რამფისი — ჯაკომო პრესტია — იტალიელი ბანი, ამონასრო — ჯულიო ბოსკეტი —იტალიელი ბარიტონი, მეფე — მატია დენტი — იტალიელი ბანი, მლოცველი ქალი — გონჯა დოგანი — თურქი სოპრანო, მაცნე — ფილიპო მიკალე — იტალიელი ტენორი. 7 მარტის სპექტაკლს, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი მარკო ბოემი უდირიჟორებს.
„აიდა“ ვერდიმ ეგვიპტის მმართველის ისმაილ–ფაშას დაკვეთით ქაიროს საოპერო თეატრის გახსნისთვის დაწერა. ოპერა მოგვითხრობს ეგვიპტური ჯარის სარდლის რადამესისა და მონას აიდას — ეთიოპიელი მეფის ასულის სიყვარულის შესახებ.