თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 15 სექტემბერს საიუბილეო 165-ე სეზონი ტრადიციულად, ოპერა „აბესალომ და ეთერით“ იხსნება.
განახლებული დადგმის რეჟისორი გახლავთ რეჟისორი გიზო ჟორდანია, მხატვარი — გოგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დადგმაში ასევე მონაწილეობს ცეკვის ეროვნული ანსამბლი „სუხიშვილები“.
„აბესალომ და ეთერის“ სცენაზე გამოვლენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, თეატრის სოლისტები — სულხან გველესიანი, ხათუნა ჭოხონელიძე, კახაბერ თეთვაძე, მარიკა მაჩიტიძე, გია მახარაძე, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საღინაძე, გიორგი მჭედლიშვილი და ნუცა ზაქაიძე.
სპექტაკლის ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.
რაც შეეხება საბალეტო სეზონს, ის 24-25 სექტემბერს გაიხსნება ადოლფ ადანის „ჟიზელით“.
შეგახსენებთ: ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლებზე დასწრება კვლავ გახდა შესაძლებელი აბონიმენტებით, რომელთაც თეატრის სალაროებში შეიძენთ.