თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომპანია „თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეში კომპანიის ყოფილი ექსპერტი გიორგი გვიჩიანი, ასევე ნიკოლოზ ჩემია და სხვა ფიგურანტები გაამართლა.
თავდაპირველად სასამართლომ ჩემიასა და გვიჩიანს უვადო პატიმრობა შეუფარდა, შემდეგ სასჯელი 15 წლამდე შეამცირა. ამჯერად სასამართლომ სასჯელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვის შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში გადახედა, როდესაც პროკურატურამ ამ ადამიანების უდანაშაულობის შესახებ განაცხადა.
„სასამართლომ ისინი (საქმის ფიგურანტები) უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა 11-წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი. უფრო კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებ მოგვიანებით“, — განუცხადა გვიჩიანმა ჟურნალისტებს სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.
უდანაშაულოდ აღიარეს საქმის სხვა ფიგურანტებიც — ნოდარ გვიჩიანი, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი.
ლომინაძე 2002 წლის აგვისტოში საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მისი ცხედარი სკამზე მიბმული აღმოაჩინეს.
გამოძიების მონაცემებით, ლომინაძის მოკვლისთვის 20 ათასი აშშ დოლარი გადაიხადეს. მოტივად „თელასის“ ფინანსური მაქინაციების დაფარვა დასახელდა იმ პერიოდში, როდესაც იქ გიორგი გვიჩიანი მუშაობდა.
2006 წელს ლომინაძის შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გვიჩიანი, ასევე, როგორც გამოძიება ამტკიცებდა, მისი თანამოაზრეები — ნიკოლოზ ჩემია, ნოდარ გვიჩიანი, გიორგი პაპაჩაშვილი და ავთანდილ ხერკელაძე.
2006 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ გვიჩიანი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო და მას უვადო პატიმრობა შეუფარდა. უვადო პატიმრობა მიესაჯა ასევე ნიკა ჩემიას, რომელიც დამნაშავედ სცნეს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში.
ნოდარ გვიჩიანთან საპროცესო გარიგება დადეს და მან სასჯელს თავი აარიდა. ამჟამად ის უკრაინაშია და სხვა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.
ავთანდილ ხერკელაძეს 2006 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ის 2010 წელს საპატიმროში გარდაიცვალა.
საპროცესო გარიგება დადეს ასევე გიორგი პაპაჩაშვილთან და მას 5 წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდეს.
2014 წლის ივლისში სააპელაციო სასამართლომ საქმეს გადახედა და გვიჩიანსა და ჩემიას უვადო პატიმრობა 15-წლიანი ვადით შეუცვალა.