თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ტრანსგენდერ საბი ბერიანის განზრახ მკვლელობაში ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე.
ტრანსგენდერი საბი (ბექა) ბერიანი 2014 წლის ნოემბერში მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს თბილისელი 26 წლის ლევან კოჭლაშვილი, რომელიც 2015 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი (ცემა) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით (ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენმა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებმაც პროკურატურა არაეფექტურობაში დაადანაშაულეს.
ახალი მტკიცებულების საფუძველზე უზენაესმა სასამართლომ კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო ცემაში, განზრახ მკვლელობაში და ნივთის დაზიანება-განადგურებაში, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ დაამტკიცა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს კოჭლაშვილმა ჯერ ბუხაიძის ქუჩაზე ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სხეულის დაზიანებები, რაც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, ხოლო შემდეგ ტრანსგენდერ საბი ბერიანთან პეკინის ქუჩაზე მის მიერ ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა.
ლევან კოჭლაშვილმა დანით საბი ბერიანს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად საბი ბერიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კოჭლაშვილი მკვლელობის შემდეგ ორ დღეში დააპატიმრეს.
რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, ბიანკა შიგუროვას, ის გასული წლის თებერვალში მხუთავი აირის მოწამვლით გარდაიცვალა. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.