თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი, რომელსაც დაახლოებით 1 მილიონი აშშ-ის დოლარის მითვისება ედებოდა ბრალად, განუცხადა "Sputnik–საქართველოს" ყოფილი მინისტრის ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ.
მამუკა ნიკოლაიშვილი ენერგეტიკის მინისტრის პოსტს 2003-2004 წლებში იკავებდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 2006 წელს ნიკოლაიშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში დაადანაშაულეს.
"სამართლებრივი შეფასებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები ნულის ტოლი იყო და ამიტომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა", — განაცხადა ირაკლი გრძელიძემ.
საქართველოს პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
რაც შეეხება საქმის მასალებს, ნიკოლაიშვილს ბრალი ედება 2000 წელს "ენგურჰესის" ბალანსიდან ზოგიერთი, მათ შორის, ჯართის სახით ობიექტების ჩამოწერისას დაშვებულ დარღვევებში. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა იმაში, რომ მის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ჯართის მითითებული ფასი საბაზროზე ექვსჯერ დაბალი იყო.
იმ პერიოდში ის კომპანია "ენერგოგენერაციის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ნიკოლაიშვილი ბრალდებებს უარყოფდა და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებდა, თუმცა პარიზიდან საქართველოში ჩამოუსვლელად.
ამჟამად ნიკოლაიშვილი საფრანგეთში იმყოფება. საქართველოში მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.