ეს კვირა ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სკანდალით დაიწყო, რომელმაც ყველა მოვლენა გადაფარა, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე, საქართველოს კონსტიტუციაში და ფარული თვალთვალის წესებში შეტანილი ცვლილებები. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ განაცხადა. საინფორმაციო საშუალებებში მალევე გაჩნდა ვერსია იმის შესახებ, რომ თავდასხმა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქზე ილია მეორეზე მზადდებოდა.
ამ ვერსიას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილი — საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს დაქვემდებარებული კლინიკის გენერალური დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისი–ბერლინის რეისზე ჩაჯდომის დროს დააკავეს. ილია მეორე ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებთან ერთად ბერლინში იმყოფება, სადაც მკურნალობას გადის.
მეორე დღეს ყველა ქართული გაზეთი გამოვიდა მთავარი სათაურით „ვინ და რატომ გეგმავდა პატრიარქის მოწამვლას“. თავად პროკურატურა კონკრეტულად პატრიარქის შესახებ ვერსიას არ ადასტურებს, თუმცა მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესს წარმოადგენს.
დეკანოზ მამალაძისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დაპატიმრების საფუძველი მესამე პირის განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ მან უძლიერესი საწამლავი — ნატრიუმის ციანიდი შეიძინა. ეს საწამლავი სამართალდამცველებმა მამალაძის ბარგში აღმოაჩინეს.
თავად მამალაძე დუმილის უფლებას იყენებს.
პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო
გაზეთმა „რეზონანსმა“ წამოაყენა ვერსია იმის შესახებ, რომ მამალაძე საქართველოში პატრიარქის ტახტისთვის იატაკქვეშა ბრძოლის მსხვერპლი გახდა.
საქართველოს პატრიარქი წელს 84 წლის გახდა და წლებიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობა სულ უფრო სუსტდება. ვირუსის შემდეგ გამოწვეული გართულების გამო მას ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
გაზეთის ვერსიით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა ორ „დაჯგუფებას“ შორის მიმდინარეობს. ერთი მათგანი კათოლიკოს–პატრიარქის ძმისშვილის, ეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილის ინტერესებს წარმოადგენს, მეორე კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, ქორეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძის) ინტერესებს.
„პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრისთან დაახლოებული პირია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ბრალდება დიმიტრი შიოლაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, — წერს გაზეთი.
ასევე აღნიშნულია, რომ დეკანოზს არ შეიძლებოდა ვერ განეჭვრიტა, რომ საზღვარზე ციანიდის გადატანისას მას დააპატიმრებდნენ.
გაზეთი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის გამოყენება მამალაძის გასაუვნებლად მესამე პირებსაც შეეძლოთ.
თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ამტკიცებს, რომ ქორეპისკოპოსი თეოდორე არის კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მიერ ხელდასმული. მისი თქმით, თეთრუაშვილსა და დიმიტრი შიოლაშვილს შორის ღია ბრძოლა მიმდინარეობს.
იმის შესახებ, რომ მამალაძის დაპატიმრება სწორედ თეთრუაშვილს აწყობდა, მანამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პაატა ცაავამ განაცხადა. თუმცა ის თეთრუაშვილის ინტერესებს არა პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლას, არამედ იმას უკავშირებს, რომ როდესაც მამალაძემ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე თეთრუაშვილი შეცვალა, ამ სტრუქტურაში კორუფციული სქემები გამოამჟღავნა.
თეთრუაშვილის ინტერესების შესახებ გაზეთმა „ახალმა თაობამაც“ დაწერა.
„თეთრუაშვილი საპატრიარქოს „რუხი კარდინალია“ და სწორედ მისთვის იყო პრობლემური მამალაძის საქმიანობა, და მის მიერ გამოვლენილი კორუფციის ფაქტები მას შეუბრუნდებოდა, რადგან ქონების მართვის სამსახურს მამალაძემდე ის ხელმძღვანელობდა“, — წერს გაზეთი.
ამ ვერსიას ის წერილიც ადასტურებს, რომლითაც, გავრცელებული ინფორმაციით, მამალაძემ პატრიარქს მიმართა. მასში ის დეტალურად აღწერს საპატრიარქოში მის მიერ გამოვლენილ კორუფციის ფაქტებს. ასევე ის მიუთითებს ზოგიერთი მაღალი რანგის სასულიერო პირისა და მაღალჩინოსნის ინტერესებს საპატრიარქოს ქონებასთან მიმართებაში.
წერილის თანახმად, საპატრიარქოს კლინიკას 5 მილიონი ლარის სახელმწიფოს ვალი დაუგროვდა, რომლის მიზეზი, სავარაუდოდ, მენეჯმენტის თაღლითობა გახდა. მამალაძის მტკიცებით, საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელმა, არქიეპისკოპოსმა იაკობმა ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალა.
არქიეპისკოპოსმა იაკობმა ზემოხსენებულ ბრალდებას მოგონილი უწოდა.
საქმის გამოძიება გრძელდება და უცნობია, მომავალში რა „სიურპრიზებს“ მოიტანს.