მინისტრები და პოლიტიკოსები საქართველოს საპატრიარქოში მომხდარი სკანდალის შესახებ

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს გერმანიაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წარმატებით გადაიტანა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის ბერლინში ყოფნა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებით დამძიმდა, რომელმაც პროკურატურის მტკიცებით, შხამიანი ნივთიერება შეიძინა და პატრიარქთან გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა.

პროკურატურაში არ დაუზუსტებიათ, ვის მოწამვლას აპირებდა მამალაძე, თუმცა აღნიშნეს, რომ „მსხვერპლი“ მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა ყოფილიყო. მამალაძის დაკავების მიზნით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეცოპერაცია ჩატარდა.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის დაცვის გაძლიერების მიზნით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პატრიარქთან ბერლინში სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირადი დაცვის წევრები იმყოფებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გიორგი მამალაძის დაკავებით სამართალდამცავებმა ტრაგედიის აცილება შესძლეს.

„ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ“, — განუცხადა ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა გეგმები შეცვალა, რათა პატრიარქი ბერლინში მოინახულოს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, დანაშაულის განხორციელებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა შეეძლო.

„ჩვენ, რეალურად გადავრჩით ტრაგედიას. ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის დესტაბილიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ეს დანაშაული, რომელიც როგორც ჩანს მთავარი პროკურორის განცხადებიდან იგეგმებოდა, თავიდან იქნა აცილებული სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად“, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოდ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურიდან პასუხებს ელის.

„შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სამება - Sputnik საქართველო
ქართული ეკლესიის მღვდელმსახურის მკვლელობის მომზადება: დეტალები გახმაურდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ სამართალდამცველებმა საშინელი ტრაგედიის აცილება შეძლეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება, როგორც ოპერაციიდან გამომდინარე, ასევე ამ შემზარავი დანაშაულის აღკვეთიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას ტრაგიკული დანაშაული ააცილეს თავიდან“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.

გამოძიება საქართველოს ერთ–ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და განაცხადა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ მას  სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების „ციანიდის“ მოძებნაში დახმარებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 18-108-ე და 236-ე მუხლებით: „განზრახ მკვლელობის მომზადება“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0