თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შხამიანი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ შეიძინა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლის მიზნით გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც ამჟამად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მკურნალობს, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
კვირას ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარასკევს თბილისის აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. იმავე დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია მეორის მოწამვლის მცდელობა მოხდა. თუმცა შოთაძეს ბრიფინგზე არ დაუსახელებია იმ სასულიერო პირის სახელი, რომლის სიცოცხლის ხელყოფა სურდა მამალაძეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების — ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა“, — განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
სწორედ განმცხადებელი, რომლის შესახებაც საუბრობდა შოთაძე, არის ის პირი, რომელმაც მიმდინარე წლის 2 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და სამართალდამცველებს დანაშაულის მომზადების შესახებ აცნობა. პირის ვინაობა, რომელმაც პროკურატურას მიმართა, არ სახელდება.
ამასთან ერთად საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარასკევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მამალაძე ნამდვილად დააკავეს იმ მომენტში, როდესაც ის გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა. მისი ბარგის ჩხრეკისას აღმოჩენილია „ნატრიუმის ციანიდი“. შესაძლოა, დანაშაულის მოტივი ანგარება იყო.
გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან.
არსებული ინფორმაციით, მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 18-108-ე და 236-ე მუხლებით: „განზრახ მკვლელობის მომზადება“ და „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.