თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაგეგმილზე უფრო ადრე გაემგზავრება გერმანიაში, რათა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე მოინახულოს, რომელსაც ბერლინში ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა.
საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიაში გამგზავრებას მიუნხენში უშიშროების კონფერენციაში მონაწილეობის მიღების გამო გეგმავდა, რომელიც 17–19 თებერვალს ტარდება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორშაბათს ბერლინში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის აღკვეთისა და ამ საქმესთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ განაცხადა.
„ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული — ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს საქმე აყვანილი ჰყავს პირად კონტროლზე და ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს.
„გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებულიყო უსაფრთხოების ზომები“, — განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნული საქმის გამოძიების პროფესიონალურად წარმართვის მნიშვნელობას და მის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„მთავარია, რომ, ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ მიუნხენის უშიშროების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა“, — აღნიშნა დასასრულს პრემიერმა.
პარასკევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც ბერლინში გამგზავრებას გეგმავდა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მასმადიაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის მოწამვლის მცდელობის ვერსია გაჩნდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოებმა არ მიუთითეს პირი, რომელიც მამალაძის მსხვერპლი უნდა გამხდარიყო.