თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.
წლის ბოლოს ილია მეორემ ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რამაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური გერმანიაში სამკურნალოდ გასულ კვირაში გაემგზავრა.
„ოპერაცია დამთავრდა, ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა! მადლობა ღმერთს! პროფესორი კმაყოფილია, ოპერაცია დროული იყოო. ნარკოზიდანაც გამოვიდა, ახლა გადაიყვანენ ინტენსიურში. გილოცავთ!“ — წერს გაბუნია Facebook–ის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 84 წლისაა, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ის 39 წელია უდგას სათავეში.