სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში: რატომ დააკავეს მღვდელმსახური

გამოწერა
გასულ კვირაში მღვდელმსახური გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ახლო გარემოცვაში შედის. დაკავების მიზეზი უცნობია, ოფიციალურ ორგანოებს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვერსიამ საზოგადოება ააღელვა. პროკურატურის დუმილი უამრავ კითხვას ბადებს და მითქმა-მოთქმის საფუძველს იძლევა.

დაკავება

პარასკევს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში, სამკურნალოდ მყოფ პატრიარქთან გაფრენას აპირებდა.

მღვდელმსახურის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ დაადასტურა.

პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა

„ის დაკავებულია. თუმცა, ამ ფაქტზე განცხადებები ჯობს შესაბამისმა სტუქტურებმა გააკეთონ. მე პასუხს ვაგებ უსაფრთხოებაზე“, — განაცხადა ჩუბინიძემ.

ინფორმაცია დაკავების შესახებ ასევე დაადასტურა საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, მეუფე დიმიტრიმ.

„მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ გამოძიებას ვენდობით“, — აღნიშნა მან და სხვა დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამალაძისთვის გამოძიების პერიოდში წინასწარი აღკვეთის ზომის შეფარდებისთვის სხდომა კვირას გაიმართა. სასამართლო სხდომა დახურული იყო, თუმცა, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, მამალაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

საიდუმლო საქმე

მამალაძის დაკავება დაკავშირებულია საქმესთან, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს — ეს არის იმის მიზეზი, რომ მამალაძის საქმეზე პროცესი დახურული იყო, ვარაუდობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ამასთან, საქმე საგანგებო მნიშვნელობისაა, რადგან მამალაძის დაკავებიდან რამდენიმე საათში ბერლინში გაემგზავრა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

მეორე დღეს, შაბათს ჩვენების მისაცემად ბერლინიდან თბილისში ჩამოფრინდა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ოხანაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე. ის გერმანიაში თავისი მოვალეობების შესასრულებლად კვირას დაბრუნდა.

„სჯობს ეს თავად სოსომ თქვას, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან კარგი გააკეთა, რომ ჩავიდა, მიეხმარა ყველანაირად გამოძიებას და, ვფიქრობ, რომ ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო ამ სამსახურის ფუნქციონირებას სწორედ აქ. სოსო განაგრძობს მუშაობას, მასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არის“, — განაცხადა ჩუბინიძემ.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
სინოდის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოში მომხდარ სკანდალზე არ უმსჯელიათ

„რუსთავი 2“-ის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ოხანაშვილი რაღაც ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხეს. ჩანაწერები პატრიარქის უსაფრთხოებას ეხება. ამ საქმეში არის დოკუმენტი, გრიფით „საიდუმლო“, რომელიც, შესაძლოა, დიდი ინტერესის ობიექტი გახდეს. დოკუმენტი ეხება სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე გამოტანილ მოხსენებას, იუწყება ტელეკომპანია.

გაძლიერებული დაცვა

ამ აჟიოტაჟის დროს ბერლინში ოპერატიულად გაემგზავრა ანზორ ჩუბინიძე. უწყების ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ის გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიუნხენში ვიზიტის მოსამზადებლად გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება.

„მე გერმანიაში ჩამოსვლას მაინც ვგეგმავდი პრემიერის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი ჩემი ჩამოსვლა და გადავწყვიტე აქაც მოვსულიყავი და ჩემი თვალით მენახა მდგომარეობა“, — განაცხადა ჩუბინიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ილია მეორის დაცვის გაძლიერების აუცილებლობა არ არის.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პროფილაქტიკური ღონისზიებების მიზნით ჩამოვსულიყავით და პირადად გვენახა მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩვენმა ჩამოსვლამ ხელი შეუწყო სწორ ფუნქციონირებას (პატრიარქის დაცვის)“, — განაცხადა ჩუბინიძემ.

პატრიარქის ჯანმრთელობა

ინფორმაცია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის მოწამვლის მცდელობის შესახებ ოფიციალურად არ დაადასტურეს, მაგრამ არც უარყვეს. ცნობილია, რომ პატრიარქი გერმანიაში საოპერაციოდ გაემგზავრა. მას ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპია უტარდება.

„ოპერაცია დილის 8 საათზე დაიწყო (თბილისის დროით 11:00 საათზე). მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. ის (პატრიარქი) თავს კარგად გრძნობს“, — განაცხადა საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მეუფე დიმიტრიმ.

პატრიარქს გარკვეული პრობლემები ჰქონდა გულზეც, ამიტომ გერმანელი ექიმები ამ საკითხითაც დაკავდნენ.

„ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის კვლევები. შედეგები დამაკმაყოფილებელია. პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ, ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველა გამოკვლევამ კარგი შედეგი გვაჩვენა“, — განაცხადა კარდიოლოგმა შოთა პეტრიაშვილმა.

ილია მეორემ 2016 წლის ბოლოს ვირუსული ინფექცია გადაიტანა. ვირუსმა ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. პატრიარქმა მაშინ გერმანიაში გამგზავრებაზე უარი განაცხადა და მაშინ ის გერმანიიდან სპეციალურად მოწვეულმა ექიმმა გასინჯა.

ყველა ახალი ამბავი
0