თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც შესაძლოა მას ოპერაცია დასჭირდეს, განაცხადა საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცისანა შარტავამ.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა წლის ბოლოს ვირუსული ინფექცია გადაიტანა, რომელმაც ნაღვლის ბუშტის ანთება გამოიწვია. იმ დროს კათოლიკოს–პატრიარქმა გერმანიაში სამკურნალოდ წასვლაზე უარი განაცხადა და ის გერმანიიდან სპეციალურად მოწვეულმა ექიმმა გასინჯა.
„სამი დღის წინ მას დაბალი სიცხე ჰქონდა… გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი გამწვავდა და მდგომარეობა, შესაძლოა, უფრო გართულდეს, ამიტომ სპეციალისტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ გამოკვლევა და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შეიძლება ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ“, — განაცხადა ცისანა შარტავამ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პატრიარქი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.