დღეს სამსახურში მისულმა ჩემ ჯადოსნურ კალენდარში ჩავიხედე და „პირკატა მეცა“ (გამოთქმა კუთხურია, თუმცა ვითარებაზე ზედგამოჭრილი), თურმე, 7 თებერვალი ცრურწმენების დღე ყოფილა.
ამ თემაზე დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი, ამიტომ სასწრაფო წესით მივმართე „გუგული მასწავლებელს“ (google) და ბევრი საინტერესოც გავიგე. ახლა ვჩქარობ თქვენც გაგიზიაროთ, ვინ იცის, რაში გამოგადგებათ ან რისგან დაგიცავთ. თავი დასაცავი კი მართლა გვქონია იმდენ რამეს ვაკეთებთ ჩვენდაუნებურად „არამეცნიერულად“.
პირველი და მთავარი ცრურწმენა უკავშირდება პარასკევ დღეს, როდესაც თან 13 რიცხვია. ამ დღისადმი შიშმა მსოფლიო მასშტაბი მიიღო და მას „პარასკევიდეკატრიაფობია“ ეწოდება. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ფობიის ბრალით ეროვნულ ეკონომიკას წლის მანძილზე 800-900 მილიონი დოლარის ზარალი ადგება, რადგან შეშინებულ ამერიკელთა დიდი ნაწილი სამსახურში არ ცხადდება. ეტყობა კატებსაც სჭირთ ეს სენი, გახსოვთ, ალბათ, მავანი კატა ძეხვს რატომაც ვერ შეწვდა…
უკვე რამდენჯერმე ვახსენე კატა და უნდა დაგამშვიდოთ, ეს ცხოველი (ნებისმიერი ფერის) სულაც არ არის საშიში, პირიქით, ცრურწმენოლოგები გვირჩევენ ახალმოსახლეობისას ბინაში პირველად ფისუნია შევუშვათ.
აქვე მინდა რამდენიმე რჩევა მივცე ქალბატონებს საჩუქრის შერჩევის ან მიღების თაობაზე. აუკრძალეთ თქვენს მეუღლეს საჩუქრად ჰალსტუხის მიღება მანდილოსნისგან, რადგან დიდი ალბათობით შესაძლოა თქვენს მეორე ნახევარს თვალი მჩუქებლისკენ გაექცეს. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საჩუქრად ქოლგა (აჯობებს სიმბოლური ფასი გადაიხადოთ), წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წელი წვიმაში სიარული მოგიწევთ. მამაკაცების საყურადღებოდ! აჩუქეთ ცოლებს სათვალე, ამის შემდეგ იგი უფრო დამთმობი გახდება, ვინაიდან თქვენი თვალებით შეხედავს სამყაროს. საწერი კალამი კი სამსახურში თქვენი უფროსებისთვის გაიმეტეთ, უფრო მეტად დაგიგდებთ ყურს. აი, შემდეგი ცრურწმენა კი აშკარად ჯანდაცვის სამინისტროს მოგონილია, თურმე, სპირტიანი სასმელის ჩუქება ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, კი არის ამაში რაღაც ლოგიკა (სხვებისგან განსხვავებით).
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ სუფრიდან დანის ჩამოვარდნისას მამაკაცი სტუმარი მოიჩქარის, კოვზი თუ დაგივარდათ – ქალბატონი. ამაზე ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა. გაშლილ სუფრასთან მსხდომნი თამადას ელოდებიან, მასპინძელს ორჯერ გადმოუვარდა დანა, მაგრამ ორივეჯერ მოხერხებულად დაიჭირა. როგორც იქნა, თამადაც გამოჩნდა და მოიბოდიშა – არ ვიცი ვინ დამთარსა, დროულად კი მოვედი, მაგრამ ორჯერ გავიჭედე ლიფტშიო…
მგონი, დროა, ცოტა მასშტაბურად ვისაუბროთ და მსოფლიო ცრურწმენებსაც გავეცნოთ. ინდოელები ფრჩხილებს არ იჭრიან სამშაბათს და შაბათს, ხოლო ხუთშაბათსა და შაბათს თავის დაბანას ერიდებიან, რადგან ამ დღეებში დალაქებს (თანამედროვე სტილისტებს), დასვენების დღე აქვთ.
კორეაში სჯერათ, რომ ჩართულ ვენტილატორს შეუძლია მძინარე ადამიანი მოკლას (წარმოდგენა არ მაქვს როგორ), ამიტომ ვენტილატორებს ქარხნული წესით სპეციალურ ტაიმერებს უყენებენ.
თუ ნიგერიაში მოხვდით, ერიდეთ ცოცხიან ქალებს, რადგან იქაური ცოცხის ერთი დარტყმაც საკმარისია, რომ იმპოტენტად იქცეთ, ან საერთოდ დაკარგოთ მამაკაცური სიამაყე. ასევე ფრთხილად უნდა იყონ უგანდაში ჩასული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ გაეკაროთ თხის ხორცს, თორემ უგანდიდან გვარიანი წვერით დამშვენებული დაბრუნდებით.
იემენში უფრო შორს წავიდნენ, თურმე ნუ იტყვით და, თუ ფეხმძიმე ქალი კბილებით გველს დაიჭერს და შემდეგ მას მიწაზე დააგდებს, უტყუარად იგებს მომავალი შვილის სქესს: მის წინ ჰორიზონტალურად დაცემული უხსენებელი ქალიშვილის მოვლენის ნიშანია, ხოლო ვერტიკალური – ვაჟის. ვერ გეტყვით სხვა ქვეყანაშიც მოქმედებს ეს წესი თუ არა, მაგრამ მაინც გირჩევთ მსგავსი ექსპერიმენტისგან თავი შეიკავოთ.
მილიარდიან ჩინეთში რომ ცრუმორწმუნეები არ იყვნენ, წარმოუდგენელია, იქაურები თვლიან, რომ ციფრი 4 სიკვდილთან ასოცირდება (წარმოთქმისას იდენტურად ჟღერს), ამიტომ ლიფტში ვერ ნახავთ ღილაკს ოთხიანით, შენობებში კი მესამედან პირდაპირ მეხუთეზე აღმოჩნდებით.
რაღა დაგიმალოთ და ამ შვიდმილიარდიან დედამიწაზე უცნაურობებსა და ცრუმორწმუნეებს რა დალევს, ამიტომ აჯობებს დროულად დაგემშვიდობოთ და მშვიდობიანი დღე გისურვოთ, ხოლო თუ ჩემი რჩევა-დარიგება ჭკუაში დაგიჯდებათ და რამეში გამოგადგებათ, ჩავთვლი, რომ ცრურწმენის დღეს უქმად არ ჩაუვლია.