როგორ დავიკლოთ წონაში, როგორ გავთხოვდეთ და სხვა რჩევები ერუდიტების დღის აღსანიშნავად

© photo: Sputnik / Vladimir Viatkin / გადასვლა მედიაბანკშიწიგნების მაღაზიაში
წიგნების მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ „sputnik“-ის მკითხველთან ერთად აღვნიშნე არყის საერთაშორისო დღე. მალევე, მეგობარმა ქალბატონმა გამომიგზავნა სპეციალური კალენდარი, სადაც ჩამოთვლილია რომელ დღეს რა დატვირთვა აქვს. საჯაროდ ვუხდი მადლობას ქალბატონ დალის და სიამოვნებით ვისარგებლებ ამ კალენდრით.

როგორც გამოირკვა 5 თებერვალი ერუდიტების დღე ყოფილა. მოდით ჯერ დავაზუსტოთ ვინ არიან ერუდიტები. ერუდიტი არის ადამიანი, რომელსაც აქვს საფუძვლიანი და მრავალმხრივი  ცოდნა. თავად სიტყვა ლათინური წარმოშობისაა და ზუსტად  ასეთივე განმარტება აქვს. ზოგჯერ ერუდიციას განათლებაში ურევენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ერუდირებული ადამიანი ყოველთვის განათლებულია, თუმცა ყველა განათლებული ადამიანი ერუდიტად ვერ ჩაითვლება. როგორც წესი, ეს შეძენილი თვისებაა, მაგრამ როგორც მეცნიერები ამბობენ მემკვიდრეობითაც შეიძლება გადაეცეს. ხოლო თუ ერუდიციას ინტელექტიც ახლავს, ასეთი პიროვნება ადამიანთა კლასიფიკაციის კიბეზე უმაღლეს საფეხურებს იკავებს. მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის დასაწყისში ინტელექტის საზომად IQ ტესტები შემოიღეს. ეს ტესტები დღესაც მოდაშია, თუმცა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ტესტების მეშვეობით ადამიანთა კლასიფიცირება არასწორია. ყველა ერუდიტს აუცილებლად უნდა ახსოვდეს გენიალური სოკრატეს გამოთქმა:-„მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“.

რუსული არყის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
მენდელეევის სადოქტორო დისერტაცია, ანუ გაუმარჯოს aqua vitae-ს!

გადავწყვიტე საკუთარი თავი შემემოწმებინა და დამედგინა რამდენად ერუდირებული და ინტელექტუარი ადამიანი ვარ. ინტერნეტში მოვიძიე საინტერესო ამბები საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად და უნდა გამოვტყდე, რომ ჩემთვის სავალალო შედეგი მივიღე. თავი კი ისევ სოკრატეს ზემოთმოყვანილი გამოთქმით დავიმშვიდე. ახლა მინდა ჩემი ახლად შეძენილი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.

როგორც გავარკვიე IQ კოეფიციენტი ქალებს უფრო მაღალი აქვთ ვიდრე მამაკაცებს!

ქალები თურმე გაცილებით უკეთ ახერხებენ მანქანის პარკირებას (ეტყობა ეს ქართველ ქალ მძღოლებზე არ ვრცელდება).

ერთ მკვლევარს გამოუანგარიშებია, რომ ქსეროქსების მტვრევის 23% ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები საკუთარი საჯდომის ასლის გაკეთებას ცდილობენ (ქალები აქაც საგრძნობლად უსწრებენ კაცებს).

100 წელს მიღწეული ადამიანების 80% ქალია, ეს ალბათ იმიტომ, რომ მამაკაცებში სუიციდის შემთხვევა სამჯერ აღემატება ქალებისას, თუმცა მცდელობა ქალებს გაცილებით მეტი აქვთ, მაგრამ როგორღაც ამას ვერ ახერხებენ.

საშუალო სტატისტიკური მანდილოსანი 5 წლის მანძილზე დაახლოებით 2 კგ. პომადას ხმარობს, რომელის 40% მის ორგანიზმში ხვდება.

ტომოგრაფიები აჩვენებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცებს აქტიური აქვთ ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე, ხოლო შეყვარებულ ქალებს კი მეხსიერების ზონები უაქტიურდებათ (ეტყობა ვიღაცას ადარებენ).

მატჩის შემდეგ, შუხუთში, ლელო ურთის გამარჯვებულები. - Sputnik საქართველო
რაგბი ჩვენი თამაშია!

რადგან ტვინი ვახსენე, მინდა გითხრათ, რომ თურმე ადამიანი იყენებს ტვინის შესაძლებლობის 4-5%, გენიოსები 7%, ხოლო ყველაზე მეტ 10% იყენებენ…გიჟები.

რადგან ამ დღეებში უამრავი რამ გავიგე და თავი ერუდიტების კატეგორიას მივაკუთნე, ნება მომეცით რამდენიმე რჩევა მივცე მანდილოსნებს.

ბევრი თქვენგანისთვის წონის პრობლემა დაუძლეველ ბარიერად არის ქცეული. კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კედელზე თავის ერთი მირტყმით 150 კალორია მოგაკლდებათ. გადაამრავლეთ თქვენთვის საჭირო რაოდენობაზე და… თუმცა, როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ზომიერება, ანუ მაინც დამაინც ერთ დღეში ნუ ეცდებით ზედმეტი კილოგრამების მოშორებას.

რაც შეეხება „ბარბის“ პროპორციების მიმდევრებს, იმავე კანადელი მეცნიერების გამოთვლით ზრდასრულ ქალს რომ „ბარბის“ პროპორციები ჰქონდეს, გადაადგილებისთვის მოუწევს… ოთხზე დადგომა.

კინოფილმის გადაღებისას - Sputnik საქართველო
„ცესარევიჩ“ ალექსის აღმზრდელის შთამომავლის თბილისური ოდისეა

კიდევ ერთი რჩევა მათ გასაგონად ვისაც მარიამი ჰქვია. თუ შემთხვევით იტალიის ქალაქ სიენაში მოხვდით დასაქმების მიზნით, ეცადეთ პროსტიტუცია არ აირჩიოთ, რადგან კანონით მარიამებს ეს ეკრძალებათ.

რაც შეეხება გათხოვების მსურველებს, გირჩევთ სასწრაფოდ ჩაბრძანდეთ აფრიკულ სახელმწიფო ტოგოში, ადგილობრივი კანონით, მამაკაცი რომელიც მანდილოსანს კომპლიმენტს ეტყვის, ვალდებულია ცოლადაც მოიყვანოს.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
„კავკასიელი არწივი“ - იმამი შამილი და მისი ქართული წარმომავლობის ვერსია

ამერიკაში გამგზავრების მსურველებმა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ქალაქ სენტ-ლუისში, თუ შემთხვევით მოხვდით შენობაში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, სასწრაფო წესით ჩაიცვით რაც კი გაგაჩნიათ, რადგან ადგილობრივ კანონთა კრებულში შავით თეთრზე წერია: მეხანძრეებს ეკრძალებათ შიშველი ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალბატონების გადარჩენა.

მთელი ჩემი ცოდნის მარაგი რომ არ დავცალო, დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. ასე, რომ ერუდიტების დღეს გილოცავთ ბატონებო და ქალბატონებო!

 


ყველა ახალი ამბავი
0