მენდელეევის სადოქტორო დისერტაცია, ანუ გაუმარჯოს aqua vitae-ს!

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშირუსული არყის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში
რუსული არყის მუზეუმი სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ორი ათეული საუკუნის წინ დიდი იულიუს კეისარი ძნელად წარმოიდგენდა, რომ მის მიერ რუდუნებით 365 დღედ დაყოფილ კალენდარში ვინმე იზეიმებდა მექანიზატორის ან ტანკისტის დღეს.

ვერც იმას იფიქრებდა, რომ რომელიმე ჭკუათამყოფელი სიყვარულის დღედ გამოაცხადებდა 14 თებერვალს, გეგონება, წლის დანარჩენ პერიოდში ბოროტება ზეიმობდეს. ვერც გენიალური რუსი მეცნიერი დიმიტრი მენდელეევი იეჭვებდა, რომ 1865 წლის 31 იანვარს პეტერბურგში მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვა ამ ნაშრომის დაბადების დღედ იქცეოდა. თუმცა, ხომ გაგიგონიათ — კაცი ბჭობდაო… დღეს 154 წელი შესრულდა არყის დაბადებიდან. მენდელეევის სადისერტაციო თემა გახლდათ „სპირტისა და წყლის შეერთება“. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ცოტა საკამათო საკითხია, რადგან ეთილის სპირტი პირველმა ირანელმა ექიმმა არ-რიზამ რვა საუკუნით ადრე მიიღო. თავად რელიგია უშლიდა და მხოლოდ სამკურნალოდ იყენებდა. მერე იტალიელმა ალქიმიკოსმა, ბერმა ვალენტიუსმა გემოც გაუსინჯა და ევროპელთა ალკოჰოლდამოკიდებულებასაც დაუდო სათავე. 

ვლადიმერ ვისოცკი - Sputnik საქართველო
შეხვედრა ლეგენდასთან: სოხუმი, ვლადიმირ ვისოცკი და მიშა ხერგიანი

რუსეთში არაყი გენუელმა დიპლომატებმა შემოიტანეს. 1386 წელს თავად დიმიტრი დონსკოის მიართვეს და სახელიც მშვენიერი მოუგონეს – aqua vitae, ანუ ცოცხალი, მაცოცხლებელი წყალი. ახლა, მთლად უკვდავების პანაცეად არყის გამოცხადებას მხარს ვერ დავუჭერ, მაგრამ დაბადების დღის მოზეიმეთა რიგებს კი შევუერთდები, რადგან მიმაჩნია, რომ არაყი ფრიად სასარგებლო, საჭირო და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტადაც კი იქცა. ვისაც არ გჯერათ, ნუ დაიზარებთ ერთი პატარა მონათხრობის წაკითხვას და მერე უეჭველად ჩვენს რიგებს შემოუერთდებით:

1986 წელს ლენინგრადში გახლდით კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული. ერთ ხუთშაბათ დღეს (მაშინ თევზის დღე ერქვა) თბილისიდან დეპეშა მივიღე. ორი მეგობარი მთხოვდა, უქმეებზე მათთვის სასტუმრო დამეჯავშნა.

საბჭოთა პერიოდში ეს სახუმარო საქმე არ გახლდათ, მაგრამ მეგობრებს ვერ დავაღალატებდი და ჩემ სასწავლებელთან ახლოს მდებარე სასტუმრო „მოსკვას“ მივაშურე. თავდაპირველად ადმინისტრატორ გოგონებთან მოვსინჯე. ამათ ჩემი კომპლიმენტი თავაზიანად მიიღეს, არც შოკოლადის ფილაზე უთქვამთ უარი და სანაცვლოდ „საქმის კურსში“ ჩამაყენეს — აქ მხოლოდ სტეპანიჩი წყვეტს, ვის დააბინავებენ სასტუმროში და ვის არაო, თან კოლმეურნეთა კონფერენციაა და არაფერი გამოგივაო…

კოქტეილი - Sputnik საქართველო
სისხლიანი მარია სტიუარტი და სერპუხოვოელი კოსტია სილვერისგან მოპარული რეცეპტი

მოკლედ, ფრიად სავალალო სურათი დამიხატეს. სტეპანიჩი, გარდა იმისა, რომ დირექტორი იყო, ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი, ინვალიდი (ხელში ყუმბარა აფეთქებია და ათის ნაცვლად, ორი თითი ჰქონდა) და ძალიან უკმეხი კაცი ყოფილა. იძულებული გავხდი, ნაცადი ხერხი გამომეყენებინა. მეორე დღეს ისევ მივადექი სასტუმროს, ხელში მძიმე შავი კეისით. მდივან გოგონას გასავსავებულ ხელებში „ბამბანერკა“ ჩავჩარე და ვაჟკაცურად შევაღე კარი. ჩემ წინ, მაგიდასთან შუბლშეკრული მამაკაცი იჯდა მრისხანე სახით. ყურადღება არ მიმიქცევია, კეისი სათათბირო მაგიდაზე დავდე, გავხსენი, ამოვიღე გაზეთი და აკურატულად დავაფინე. სტეპანიჩის სახეზე მრისხანება გაკვირვებამ შეცვალა, მაგრამ, როგორც კი პატარა მაგიდაზე შპროტი, ძეხვი „კრაკოვსკაია“, შავი პური, მჟავე კიტრი და, რაც მთავარია, ლიმონის არყის 250-გრამიანი ორი ბოთლი გამოჩნდა, გაკვირვებას ინტერესი შეენაცვლა. ასე არაფერი გამოვაო, ჯერაც შუბლგაუხსნელად ჩაილაპარაკა, მერე დიდი, მძიმე სეიფის კარი გამოაღო და თავისი ორი თითისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით ორი ჭიქა და კონსერვის გასახსნელი გამოიღო. პირველი ბოთლი უხმოდ გამოვცალეთ. მეორეს რომ მივწვდი, მკითხა – Ты кто? მეც მოვახსენე სახელი გვარი, მამის სახელი. მეორე ბოთლის ძირი რომ გამოჩნდა, მეორე შეკითხვის დროც დადგა — ამ არაყს ლიმონისგან ხდიანო?

ფინეთის სამთავრობო ბანკი ჰელსინკიში - Sputnik საქართველო
საუკუნის ძარცვა ჰელსინგფორსში და ქართველი ანარქისტების როლი რუსეთ-იაპონიის ომში

კი–მეთქი, რიხიანად მივუგე. — წარმოგიდგენია?! ლიმონი ორი წელია თვალით არ მინახავს, ესენი კი მისგან არაყს ხდიანო. მერე თვალებში შემომხედა და მკითხა, არაყი კიდევ გაქვსო? და როცა დადებითი პასუხი მიიღო, მესამე შეკითხვის დროც დადგა — აბა, რა გინდა, დროზე მითხარიო. მეც მოვახსენე ჩემი გაჭირვების ამბავი. ერთხანს მიყურა, მერე გაიღიმა, სელექტორის ღილაკს თითი დააჭირა და მდივან გოგონას ეკითხება, მეორე სართულის ლუქსში ვინ ცხოვრობსო. გამოირკვა, რომ ჩიმკენტელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე და მისი მეუღლე ნებივრობდნენ აპარტამენტებში. უცბად ისევ მრისხანე სახე მიიღო, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ჩვეულებრივ ნომერში და მანდ შეასახლეთ მზიური საქართველოდან ჩამოსული ორი ყმაწვილი, ახალგაზრდობა ხომ ჩვენი მომავალიაო! — ეს უკვე ჩემ გასაგონად დაამატა. კეისში დარჩენილმა ორმა ბოთლმა სტეპანიჩის სეიფში გადაინაცვლა, ჩემმა მეგობრებმა კი ის ორი დღე ჩინებულად გაატარეს.

ახლა ვინმე მეტყვის, რომ 31 იანვარს არ უნდა ვიზეიმო? ვინმე წინააღმდეგობას გამიწევს, რომ არაყი არის უაღრესად სასარგებლო (ზომიერების ფარგლებში, როგორც სტეპანიჩი იტყოდა), საჭირო და აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი ცხოვრებისა? იქნებ იულიუს კეისარს გაეპროტესტებინა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მაგრამ მან ხომ არყის მაცოცხლებელი თვისებების შესახებ არაფერი იცოდა. 

ასე, რომ, გაუმარჯოს aqua vitae-ს!

ყველა ახალი ამბავი
0