რატომ იმატა საგზაო შემთხვევებმა?

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა. თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია დაზარებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში გადაადგილება და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი გვესაუბრება.

ნინი რაზმაძე

– ბოლოს გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა…

— 2016 წელს ავტოავარიაში 581 ადამიანი დაიღუპა და 10 ათასამდე დაშავდა. წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა როგორც საგზაო შემთხვევების, ასევე დაშავებულთა მხრივ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 6432 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 922-ით მეტია 2013 წელს რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა. წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 91-ით არის გაზრდილი. გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც – 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7 734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს — 8 045, 2014 წელს — 8 536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა თბილისში. წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სასჯელის გამკაცრებას გეგმავს

– ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზად რა არის დასახელებული?

— ძირითადი მიზეზებია არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.

– როგორ უნდა ვისწავლოთ კანონის დაცვა, როგორ უნდა გავატაროთ პრევენციის ზომები ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად? 

— კანონის დაცვა სკოლის ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს. ყველა მძღოლს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მანქანის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დღეს ამ განწყობას მოკლებული არიან მძღოლები, რის გამოც ვიღებთ არსებულ შედეგებს.

ქვეითებისთვისაც იგივე წესებია გასათვალისწინებელი, მათი არასწორი ქმედებით ქუჩაში, შესაძლოა, სხვაც დაზარალდეს. თუ გადაირბენენ იქ, სადაც არ არის მათი გადასასვლელი, დიდი საფრთხისა და რისკის შექმნა შეუძლიათ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მძღოლისთვის. ეს პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან უნდა განუვითარდეს ადამიანს.

დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
საგზაო შემთხვევების რაოდენობა შარშან, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა

– ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

— მიზეზი არის კონტროლის მექანიზმების შესუსტება. არსებული აღსრულების მექანიზმი ვეღარ უძლებს დამრღვევი მძღოლების სიმრავლეს და კარგა ხანია დამკვიდრდა დაუსჯელობის განცდა საგზაო წესების დარღვევებისთვის. საჭიროა ახალი სისტემის დანერგვა და ამის მომსწრენი, იმედია, მალე ვიქნებით.

– რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ამ მიმართულებით, რათა შემცირდეს ავარიები?

— ვსაუბრობთ ქულათა სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, რაც მძღოლებში მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშს გააჩენს, თუ ისინი წელიწადში რამდენჯერმე უხეშად და სარისკოდ დაარღვევენ წესებს.

კარგი იქნება ასევე უკონტაქტო პატრულირება, როდესაც მძღოლების დარღვევები გაკონტროლდება ავტომობილში ჩამონტაჟებული რეგისტრატორის მიერ. ესეც დაამკვიდრებს დარღვევებზე კონტროლის განცდას.

– საზოგადოებაში, ძირითადად, მძღოლების დანაშაულზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ქვეითებიც საკამოდ ხშირად არღვევენ წესებს, არ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელებით, ზებრით და ა.შ. მათთვისაც უნდა გამკაცრდეს კანონი?

— რა თქმა უნდა, ორივესთვის უნდა გამკაცრდეს კანონი და მისი აღსრულება. დღეს 10-ლარიანი ჯარიმა არის ქვეითებისთვის, მაგრამ თუ არ მოხდა რეაგირება დარღვევაზე, ჯარიმის გაზრდასაც აზრი ეკარგება.

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა

– მართვის მოწმობის აღების გამკაცრება თუ არის ერთ-ერთი გამოსავალი ავტოავარიების შემცირების თვალსაზრისით?

— სამომავლოდ იგეგმება პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანა, რაც მეტ მოთხოვნებს წაუყენებს დამწყებ მძღოლებს და არა მარტო მათ. დღეს არ გვყავს სათანადო დონეზე მომზადებული მძღოლები და აუცილებელია ცვლილებები.

– სამწუხაროდ, ხშირია ბავშვების სიკვდილიანობა გზებზე, საქართველოში რა ფორმით არის დაცული ბავშვის უსაფრთხოება?

— ბავშვები დღეს არ არიან დაცული, განსაკუთრებით მგზავრის ამპლუაში. არ მოითხოვება სავარძლით ბავშვის გადაადგილება და ხშირად წინა სავარძელზე ვხედავთ არასრულწლოვან მოზარდებს. საგზაო შემთხვევების დროს ისინი განწირული არიან.

– მხოლოდ სანქციების გამკაცრება არის გამოსავალი? ჩვენ, რიგითმა მოქალაქებმა რა უნდა გავაკეთოთ?

— მხოლოდ კანონის გამკაცრება არა, საჭიროა მისი ადმინისტრირება სათანადო დონეზე და ამის პარალელურად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ყველა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ წესები.

თბილისი - Sputnik საქართველო
შსს: მკვლელობის მსხვერპლი წელიწადში 60 ადამიანია, ხოლო ავტო-საგზაო შემთხვევის - 600

– თქვენი ორგანიზაცია რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით?

— ჩვენ საზოგადოებაში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე ვმუშაობთ, ამისთვის სხვადასხვა კამპანიას ვაწარმოებთ, გარდა ამისა, ხელისუფლებასთან საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირებაზე ვმუშაობთ. შეიძლება ითქვას, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის  შუალედური რგოლი ვართ. ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ხალხის ხმას ვაწვდენთ ხელისუფლებას.

– როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, გამოსავალი რაშია?

— საჭიროა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იმუშაოს – როგორც ქვეითებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაზე, ასევე ქალაქში სიჩქარის ლიმიტების შემცირების დაწესებაზე. აუცილებელია დარღვევებზე მკაცრი რეაგირება და ნულოვანი ტოლერანტობა დამრღვევი მძღოლების მიმართ. აუცილებელია ავტოპარკის განახლება და გაჯანსაღება, რასაც ტექნიკური დათვალიერება ჰქვია. ასევე უნდა მოხდეს საზოგადოების მუდმივი ინფორმირება, რათა ჩვევად გვექცეს საგზაო წესების დაცვა.

ყველა ახალი ამბავი
0