თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
პროექტის რეალიზების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ისინი უზრუნველყოფენ კოორდინაციასა და უწყებათაშორის შეთანხმებებს მაღალ დონეზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიის, პროგრამებისა და პროექტების კუთხით.
„ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის დასაწყისში საგზაო მოძრაობის სისტემასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდასა და სასჯელის ალტერნატიული სისტემის შემოღებას.
სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრების აუცილებლობა გზებზე მსხვერპლის დიდი რაოდენობით ახსნა.
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად წელიწადში საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება.