თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაა, განაცხადა პროგრამის ინიციატორმა, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხუთშაბათს, 3 დეკემბერს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაციაზე, იუწყება შს სამინისტროს პრესცენტრი.
„მე ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებ. მინდა, ისინი პატარობიდანვე ეზიარონ იმ ჭეშმარიტებას, რომ კანონმორჩილი მოქალაქე, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია,“ — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პროგრამის კომპონენტებია:
• ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება
• სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება
• ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება
• სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“
• 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა
• ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება და სხვა.
„წარმოდგენილი კანონპროექტი გათვლილია მოკლე ვადაში შედეგების მიღებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
პროგრამის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ფართომასშტაბიან კამპანიასაც მოიაზრებს, „რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“.
პროგრამის პრეზენტაციას ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.