თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რომელმაც უნდა გაარკვიოს, რამდენად აწუხებს მოსახლეობას ავტომანქანების გაუმართაობის საკითხი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს, 3 დეკემბერს ისაუბრა, იუწყება პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
ღარიბაშვილის განცხადებით, ავტომანქანებთან დაკავშირებული პრობლემები ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს და მთავარი საზრუნავი ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა უნდა იყოს.
„შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და ოცის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ… ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია ავტომანქანების დაზღვევისა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების დანერგვა, რაც დროში უნდა გაიწეროს. მისი აზრით, ამ საკითხს „დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება“. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.
„გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი", — განაცხადა პრემიერმა.