პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება

საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოინდუსტრიის პროექტით მთავრობას სურს, წაახალისოს საქართველოში საერთაშორისო ფილმების, სერიალების გადაღება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი — სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები ემატება, — განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 3 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური იუწყება. 

სახელმწიფო პროგრამაში კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისა და სასტუმროების კომპონენტის დამატების მნიშვნელობის შესახებ მთავრობის სხდომაზე უფრო ვრცლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. 

მისი განცხადებით, სასტუმროს კომპონენტის მნიშვნელოვანია, რადგანაც ტურიზმიდან შემოსავლები 1 მილიარდ 800 მლნ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო კინოინდუსტრიის პროექტი ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„კინოინდუსტრიის პროექტით, რომელიც მომზადებულია კულტურის სამინისტროსთან ერთად, მთავრობას სურს, წაახალისოს საქართველოში საერთაშორისო ფილმების, სერიალების გადაღება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების, გადასაღები მოედნების, პროფესიონალების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სოფელ ტიბაანში კიდევ ერთი ახალი — საკვები პროდუქტების საწარმო იქმნება.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, დაფინანსებულია 123 პროექტი და ქართული წარმოების განვითარებაში დაახლოებით 350 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. 

„აწარმოე საქართველოში“ — ეს სამთავრობო პროგრამაა, რომელიც ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენაა მიმართული. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც ახალი საწარმოების გახსნას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას მოიაზრებს. 


ყველა ახალი ამბავი
0