თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველო ესტონეთში სასწავლებლად უფრო მეტ კურსანტსა და ოფიცერს მიავლენს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონელ კოლეგა მარგუს ცაჰკნასთან ტალინში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ამჟამად ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სამი ქართველი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სწავლობს. ისინი საშტაბო-სამეთაურო და უმაღლესი სარდლობის კურსებს გადიან.
იზორია ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ევროპაში — ფინეთი, შვედეთი და ესტონეთი — ტურნეს ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და რეფორმები განიხილეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ განათლების სფეროში არსებულ თანამშრომლობას, კერძოდ, იყოს იმის შესაძლებლობა, რომ მეტი კურსანტი და ოფიცერი მოვავლინოთ ესტონეთში სასწავლებლად“, — განაცხადა იზორიამ.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობა და ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა იყო.
„ეს საკითხი შემდგომი განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალში უფრო მეტ კონკრეტულ წვრთნებს, უფრო კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებს დავსახავთ ამ ქვეყნებთან“, — აღნიშნა იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე თანხმობა უკვე მიიღო.
„ძალიან მნიშვნელოვანია სკანდინავია-ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი. აღნიშნულ იდეას ესტონეთი მხარს უჭერს. ჩემი აზრით, ამ იდეის წარმატებისთვის პრაქტიკული ქმედებები და გადაწყვეტილებებია საჭირო“, — განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ემარის“ ავიაბაზა მოინახულა, საიდანაც ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის კონტროლი ხორციელდება. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი საჩვენებელ ფრენებს დაესწრო.
ლევან იზორია ევროპულ ქვეყნებში ტურნეში 23 იანვარს გაემგზავრა. მან უკვე გამართა შეხვედრები ფინეთის თავდაცვის მინისტრ იუსი ნიინისტესთან, ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ იარმო ლინდბერგთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინისთან.
ფინეთის შემდეგ იზორია შვედეთს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პიტერ ჰულტქვისტთან. მოგვიანებით იზორია ეწვია ანალიტიკურ-კვლევით ცენტრს „საზოგადოება და თავდაცვა“, სადაც იქ მყოფთ შვედეთისა და საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები გააცნო.
იზორია ასევე ესტუმრა შვედეთის სამხედრო აკადემია „კარლბერგს“. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა შვედეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მიკაელ ბიუდენსა და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს.