თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, ის უკვე დაემშვიდობა ბუნდესტაგში კოლეგებს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
შტაინმაიერის უფლებამოსილება გერმანიის პრეზიდენტმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ეკონომიკის ექს-მინისტრ ზიგმარ გაბრიელს გადასცა. რაც შეეხება შტაინმაიერს, ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.
გამოსამშვიდობებელ ერემონიაზე ზიგმარ გაბრიელმა შტაინმაიერს პარტიის სახელით ყოფილი კანცლერის ვილი ბრანდტის პორტრეტი აჩუქა, რომლის ავტორიც ცნობილი გერმანელი მსახიობი არმინ მიულერ-შტალია.
შტაინამიერმა განაცხადა, რომ ბუნდესტაგში „მოენატრება ტრიბუნა“, სადაც სამი წლის განმავლობაში მინისტრის რანგში მსოფლიო პოლიტიკის თემებზე — უკრაინის კონფლიქტზე, თურქეთში ვითარებაზე, სირიის ომზე, გაზის სექტორში არსებულ კონფლიქტზე — არაერთი სიტყვა წარმოთქვა.
„ეს არ იყო ბოლო სამი წლის ყველა მოვლენა, ეს ბოლო ექვსი თვის მოვლენებია“, — აღნიშნა მინისტრმა.
შტაინმაიერის სიტყვებით, ბუნდესტაგის დეპუტატები პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობებს.
„და ამის გამო მსურს თქვენ მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა პირმა.
ცერემონიას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც ესწრებოდა, რომელმაც ზიგმარ გაბრიელს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2013 წლიდან უკავია, რომელიც დატოვა იმის გამო, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ფედერალური პრეზიდენტის არჩევნები 12 თებერვალსაა დაგეგმილი.