თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველო პროგრამაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის დაახლოებას ითვალისწინებს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
შტაინმაიერისა და კვირიკაშვილის შეხვედრა ნიუ-იორკში შედგა, სადაც გაეროს გენასამბლეის 71-ე სესია იმართება. მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისათვის ყველა საჭირო კრიტერიუმები.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. სწორედ ამ მიზნით, საარჩევნო პროცესზე მოწვეულია რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
შტაინმაიერმა და კვირიკაშვილმა ასევე შეაფასეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საქართველოს პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი საქართველოში გერმანული ინვესტიციების განხორციელებას.
საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია 2008 წელს, პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნის შემდეგ დაიწყო. ის ევროკავშირის დაახლოებას ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ბოლო სამმა ქვეყანამ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ამ ეტაპზე ევროპული სტრუქტურები საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მუშაობენ.