თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ჩინოვნიკებმა, რომლებსაც ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს — საპატიმროსთან მათ მეგობრები და ოჯახის წევრები ელოდებოდნენ.
ხუთი ექს-ჩინოვნიკი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მათი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილ სუსტ არგუმენტებს ეყრდნობა.
მანამდე სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადა 7 წლიდან 1 წელსა და ექვს თვემდე შეუმცირა — გაფლანგვის ბრალდების კვალიფიკაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით შეცვალა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებოდათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და საკომუნიკაციო კომპანია „სილკნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილკნეტს“ შორის 2013 წლის 26 მაისს გაფორმდა.
„კაბელების საქმეზე“ დაკავებული იყვნენ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტემენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.