თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ხუთ ჩინოვნიკს პატიმრობის ვადა შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი მალე გათავისუფლდებიან, განაცხადეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ გაფლანგვის ბრალდების კვალიფიკაცია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით შეცვალა და პატიმრობის ვადა 1 წელსა და ექვს თვემდე შეამცირა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ჩინოვნიკებს 2016 წლის მაისში შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებოდათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და საკომუნიკაციო კომპანია „სილკნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილკნეტს“ შორის 2013 წლის 26 მაისს გაფორმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო მოსმენებს 2015 წლის 1 აპრილიდან მართავს. სასამართლო პროცესების ნაწილი დახურულია, რამდენადაც საქმე გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს შეიცავს.
მთავარ პროკურატურასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ირაკლი ალასანიასა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შორის განხეთქილების მიზეზი გახდა.
ალასანიამ თავისი თანამშრომლების ბრალეულობაში ეჭვი თავიდანვე შეიტანა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
2014 წლის ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.