პროკურატურა "კაბელების საქმეზე" დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საკომუნიკაციო კომპანია ”სილქნეტის” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების ფალსიფიცირება და 4 მლნ 102 ათასი ლარის (1,83 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარასკევს, 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

”ბრალდების მხარის მიერ ხსენებული შუამდგომლობის დაყენება განპირობებულია იმით, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე (პირველი წინასასამართლო სხდომა ჩატარდა 2015 წლის 01 აპრილს), რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში; ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება”, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლო პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობას წინასასამართლო სხდომაზე, 19 ივნისს განიხილავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 30 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ: შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს ნუგზარ კაიშაურს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს დავით წიფურიას, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გიორგი ლობჟანიძეს, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს არჩილ ალავიძეს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გიზო ღლონტს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ საკომუნიკაციო კომპანია ”სილქნეტის” სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების ფალსიფიცირება და 4 მლნ 102 ათასი ლარის (1,83 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვა. შეთანხმება სამინისტროსა და ”სილქნეტს” შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის და ქსელური აპარატურის შესყიდვის შესახებ 2013 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა.

ძიება საქმეზე 2014 წლის ივნისში კომპანია ”დელტა-კომის” წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელიც უწყების ტენდერში მონაწილეობდა.


ყველა ახალი ამბავი
0