თბილისის კონსერვატორია დიდი დარბაზის გახსნის იუბილეს აღნიშნავს

გამოწერა
თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის გახსნის საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტზე სტუდენტები გამოვლენ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 28 იანვარს თბილისის კულტურული და საკონცერტო ცხოვრების ცენტრის — დიდი დარბაზის გახსნის 75 წლისთავს აღნიშნავს.

კონსერვატორიის დიდი დარბაზი არქიტექტორ შალვა თავაძის მიერ 1938-41 წლებში, კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქციის დროს აშენდა. ის საზეიმოდ გაიხსნა 1942 წლის 28 იანვარს და მაშინვე თბილისის საკონცერტო ცხოვრების კერად იქცა.

„აბესალომ და ეთერი“ - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 165-ე სეზონს ხსნის

საიუბილეო საღამო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება. სცენაზე გამოვლენ საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები და თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, იუწყებიან ორგანიზატორები.

სხვადასხვა წლებში ამ დარბაზში კონცერტებს მართავდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის: რუდოლფ კერერი, სვიატოსლავ რიხტერი, ემილ გილელსი, ვილი ფერერო, ლეონიდ კოგანი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, გალინა ვიშნევსკაია, ელენა ობრაზცოვა, დავით ანდღულაძე, ნოდარ ანდღულაძე, მედეა ამირანაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, ლიანა ისაკაძე, ნატალია გუტმანი, თენგიზ ამირეჯიბი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე კორსანტია და მრავალი სხვა.

აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
თბილისი რეგიონის კულტურულ ცენტრად უნდა იქცეს

Alexander Schuke Potsdam-ის ფირმის სამმანუალიანი, 40-რეგისტრიანი ორგანი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 1963 წელს გამოჩნდა. მისი ტემბრული და რეგისტრული თავისებურებები დარბაზის აკუსტიკაზე იყო გათვალისწინებული. წლების მანძილზე მასზე უკრავდნენ ცნობილი ორგანისტები: ეთერ მგალობლიშვილი, ისაი ბრაუდო, ლეონიდ როიზმანი, ვოლფგანგ შეტელიხი და სხვები.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ათი წლით შეწყდა დიდი დარბაზის ფუნქციონირება. კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო დიდი დარბაზის აღდგენა—რეკონსტრუქცია.

ნინო კასრაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო თეატრალური მოღვაწეები დაჯილდოვდნენ

დიდი დარბაზი 500 მსმენელზეა გათვლილი. გამოირჩევა შესანიშნავი აკუსტიკით, გათვალისწინებულია როგორც კამერული, ისე სიმფონიური მუსიკის კონცერტებისთვის, ხოლო მოძრავი სცენა და საორკესტრო ორმო საოპერო სტუდიის სპექტაკლების დადგმის საშუალებასაც იძლევა. დიდ დარბაზს გააჩნია ციფრული ხმის ჩამწერი სტუდია, Steinway & Sons-ის ფირმის ორი საკონცერტო როიალი და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც პასუხობს თანამედროვე საკონცერტო დარბაზების საერთაშორისო სტანდარტებს.

დაარსების დღიდან დიდი დარბაზის საკონცერტო ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო პროცესთან და ფილარმონიულ კონცერტებთან; კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, კამერული ანსამბლების ფესტივალი, ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე”, ჩასაბერ საკრავთა თბილისის ფესტივალი, საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი, ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა კონკურსი, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი. აგრეთვე ტარდება მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი, კლასიკური და ხალხური შემოქმედების კონცერტები, ჯაზის საღამოები, სამხატვრო გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები.

ყველა ახალი ამბავი
0