თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 29 სექტემბერს, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში გაიხსნა კონფერენცია სახელწოდებით: "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად".
კონფერენციაში მონაწილეობენ ადგილობრივი მკვლევარები, მოქმედი სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორში.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის ურთიერთქმედებაზე, არსებულ გარემოში შემოქმედებითობის განვითარებისათვის. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს კულტურული და შემოქმედებითი ეკოსისტემის დიზაინ-დაგეგმარება ქალაქის განვითარებისთვის, საჭირო პირობების შექმნა შემოქმედებითი მეწარმეებისთვის და რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ თბილისი რეგიონის შემოქმედებით ცენტრად იქცეს. საუბარი შეეხება ასევე ხელოვნებისა და კულტურის როლს ჩვენი ქვეყნის ეკონომიურ განვითარებაში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიაც თემაზე "როგორ შევქმნათ ხელსაყრელი პირობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისთვის თბილისში".
„კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაში პრიორიტეტულად არის მიჩნეული განათლების და ეკონომიკის საკითხები — თავის მხრივ, შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნული სფეროების განვითარებაში”, — ნათქვამია კულტურის სამინისტროს შეტყობინებაში.
ამ მიზნით, შემუშავდა "საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი", რომლის პრეზენტაციასაც ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გამართავს. გზამკვლევში წარმოდგენილია სექტორის განვითარების უნივერსალური მოდელი, სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
კონფერენციის ორგანიზატორია ააიპ "შემოქმედებითი საქართველო", პარტნიორები — თბილისის საკრებულო, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა, თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს ოფისი.