თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლემ (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი) უნიკალური თეატრალური და კინოაფიშების პირველი კატალოგი გამოსცა. აფიშები სხვადასხვა დროს საქართველოშია დაბეჭდილი.
ხელოვნების სასახლეში 57 ათასი იშვიათი თეატრალური, კინო, ქორეოგრაფიული და პოლიტიკური აფიშა ინახება. გამოცემაში შევიდა რჩეული ეგზემპლარები სხვადასხვა ენაზე – ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ებრაულ, ქურთულ, თურქულ და სხვა ენებზე. ყველაზე ძველი აფიშა 1900 წლით თარიღდება.
კატალოგში ძირითადად შეკრებილია აფიშები ქართული კინოხელოვნებიდან. მათ შორისაა თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, რეზო ჩხეიძის „ჯარისკაცის მამა“ და სხვა.
სულ გამოცემაში თავმოყრილია 2100 კინოაფიშის კოლექცია, რომელიც 1912 წლიდან 2015 წლამდე პერიოდის ქართულ კინემატოგრაფს ეძღვნება.
კატალოგი ორ ენაზე (ქართულ და ინგლისურ) გამოიცა სახელწოდებით „მრავალეროვანი საქართველო“.
ხელოვნების სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიას განცხადებით, კატალოგის მთავარი მიზანია, საზოგადოებას მოუთხროს სხვა ხალხებთან ქართველების მეგობრობის შესახებ, იმ ფენომენზე, რომელსაც მრავალეროვანი საქართველო ეწოდება.
პროექტი განახორციელა ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით.