თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლე 7 აპრილიდან უპრეცედენტო გამოფენას მასპინძლობს. მუზეუმში გამოფენილი იქნება ცნობილი კოლექციონერის დავით ლაზაშვილის კოლექციის გამოფენა-გაყიდვა, იტყობინება ხელოვნების სასახლის ოფიციალური facebook გვერდი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბაგრატიონების, მუხრანბატონების, ჭავჭავაძეების, ამილახვრების ნაქონი ნივთები.
ინფორმაციის თანახმად, კოლექცია დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში გროვდებოდა და იგი ევროპული სკოლის წარმომადგენლების მათ შორის მურილიოს სკოლის ნახატებს მოიცავს.
აქვეა რუსული საიმპერატორო ჭურჭელი, ფრანგული და ჩინური გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მსოფლიოში ცნობილი ფირმის „ფაბერჟეს“ საიუვილერო ნაწარმი. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია დიდი ფერწერული კოლექცია რომელიც მე-18-19 საუკუნეების რუსულ და ევროპულ ნამუშევრებს მოიცავს.
"თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი არა მარტო დაათვალიეროთ საქართველოს ძველი თავადური საგვარეულოს წარმომადგენელთა ძვირფასი ნივთები, არამედ სურვილის შემთხვევაში შეიძინოთ კიდეც", — ნათქვამია ხელოვნების სასახლის ოფიციალურ განცხადებაში.
გამოფენა 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.