ნიუ-იორკის პრესტიჟულ გალერეაში ათი ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშინიუ იორკი
ნიუ იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიუ-იორკის პრესტიჟულ ფრანგულ გალერეაში „Emmanuel Fremin Gallery” ათი ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება.

31 მაისიდან 6 ივნისამდე ნიუ-იორკის ყველაზე დიდ საგალერეო უბანში, ჩელსიში, ცნობილ და პრესტიჟულ ფრანგულ გალერეაში „Emmanuel Fremin Gallery” ათი ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება. ესენი არიან: ირაკლი ჩიქოვანი, ლევან აბრამიშვილი, თეოდორა კოხოძე, ბექა სვირავა, გურამ ხეცურიანი, დეიკო ალუღიშვილი, სოსო ქუმსიაშვილი, თორნიკე აბულაძე, სოფო ბარნოვი და მიშა არბოლიშვილი. ბოლო წუთებში გადაწყდა, რომ გამოფენაში მონაწილეობას კიდევ სამი მხატვარი — ნოდარ გიუნაშვილი, ბადრი ფილიშვილი და ანა ქურციკიძე — მიიღებს მონაწილეობას. გამოფენას აშშ-ში არსებული პრომოუტერული კომპანია madatart-ი და მისი პრეზიდენტი, ქ-ნი მარიტა დამენია აწყობს. ჩვენ საქართველოს მხრიდან ამ გამოფენის თანაორგანიზატორს, გაგა აბულაძეს გავესაუბრეთ.

- ბატონო გაგა, ცნობილი გახდა, რომ მაისის ბოლოდან ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერაში ათი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა უნდა მოეწყოს, როდის გაჩნდა მსგავსი იდეა?  

— პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით. მოგეხსენებათ, ნიუ-იორკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხატვრო ბაზარია, სადაც ყველა ქვეყნის ხელოვნება ძალიან მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. 2015 წლის ოქტომბერში მე გახლდით ნიუ-იორკში ერთ-ერთ არტ-ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორი იყო ამერიკის ნიუ-ჯერსის ხელოვნების მუზეუმი და იქ სამი ქართველი მხატვრის ნამუშევრები მქონდა წარდგენილი, გამოფენამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, შემოთავაზება მივიღეთ სხვა გელერეებისგანაც, სადაც ასევე ორი თვის განმავლობაში გამოიფინა ნახატები, რომლებითაც რამდენიმე კოლექციონერიც დაინტერესდა. მათ შეიძინეს კიდეც ეს ნახატები. იმ გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხრიდანაც, რომლებმაც ქართველი მხატვრების მიმართ საოცრად სოლიდარული დამოკიდებულება გამოავლინეს და რამდენიმე ნამუშევარი მათაც შეიძინეს. 

- თქვენ ნიუ-იორკის გამოფენის თანაორგანიზატორი ხართ, ხოლო მისი ინიციატორი არტ-პრომოუტერული კომპანიაა, რომლის მფლობელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველია. 

— ერთ-ერთ გამოფენაზე გავიცანი ძალიან კარგი ქართველი ქალბატონი მარიტა დამენია, რომელიც ხელოვნებაში არსებულ მდგომარეობას კარგად აანალიზებს. ეს ადამიანი ცდილობს, რომ კონტაქტი ქართველ მხატვრებსა და ნიუ-იორკს შორის უფრო მჭიდრო გახდეს და ქართულმა ხელოვნებამ უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიპყროს. მას აქვს არტ-პრომოუტერული კომპანია, რომლის მეშვეობითაც ქართველების პოპულარიზაციაზე ზრუნავს. ამ გამოფენის მოწყობა სწორედ მისი ინიციატივა იყო. იგი დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მხატვრების შერჩევაში მიმეღო მონაწილეობა, ჩემი მხრიდან შევთავაზე ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც ვთვლი, რომ ქართული თანამედროვე ხელოვნების ღირსეულ მომავალს წარმოადგენენ. მათი შემოქმედება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია და ეს რა თქმა უნდა კარგია, რადგან ჩვენი მხატვრობა უფრო  მრავალფეროვნად წარმოჩინდება. ბევრი მათგანის სახელი უკვე კარგადაა ცნობილი ქართველი ხელოვნებისა და მხატვრობის მოყვარული ადამიანებისთვის, ყველა მათგანი მოქმედი, აქტიური მხატვარია დაევროპისა თუ ამერიკის მასშტაბით ბევრ საერთაშორისო გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. რამდენიმე მათგანი გერმანიასა და ამერიკაში სწავლობს და მოღვაწეობს.

- რამდენი ნამუშევარი უნდა წარადგინონ მხატვრებმა და საერთოდ ვინც გამოფენაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, მათაც რაიმე ფორმით თუ მიეცემათ საშუალება, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარი ხელოვნება გააცნონ?

— ჯერჯერობით არ არის ცნობილი ამ მხატვრების ზუსტად რამდენი ნამუშევარი გამოიფინება, რადგან ექსპოზიციაზე პარალელურად ვმუშაობთ, სავარაუდოდ ჯამში 30 ნამუშევრამდე იქნება წარმოდგენილი. აქვე მოგახსენებთ, რომ დაიბეჭდება კატალოგი, სადაც გამოფენაში მონაწილე ყველა მხატვარი შევა და შესაძლოა, 10-15 მხატვარი კიდევ დამატებით შევიდეს, ისინი, ვინც გამოფენაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. კატალოგი გავრცელდება ნიუ-იორკში, სხვადასხვა მუზეუმებსა თუ სამხატვრო სივრცეებში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი მხატვრები უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანის თვალსაწიერში მოხვდნენ. ვინაიდან ეს არის პირველი ღონისძიება, ცოტა არ იყოს მარტივი არ არის პრესის დაინტერესება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გადავიღოთ ვიდეო-რგოლი და მას შემდეგ გამოფენა რომ დასრულდება, ის ყველა დაინტერესებულ მედია საშუალებას მივაწოდოთ. 

- ბატონო გაგა, საერთოდ თუ არსებობს სამხატვრო გალერეა, რომელიც ქართველი მხატვრების წარმოჩენაზე ზრუნავს?

— სამწუხაროდ ვერც ერთ ქართულ გალერეას, პატარასაც კი ვერ შევხვდი, რომელიც ამერიკის მასშტაბით ჩვენი ქვეყნის მხატვრების პოპულარიზაციაზე იზრუნებს. მაშინ როცა მხოლოდ ერთ საგალერიო უბანში, ჩელსიში, 700-ზე მეტი გალერეაა. არიან მხატვრები, რომლებიც ამ ბაზარზე თავის დამკვირდებას ინდივიდუალურად ცდილობენ, ბევრი მათგანი ამას წარმატებითაც ახერხებს და ეს ძალიან დასაფასებელია. იმედი მაქვს, იმ მხატვრებს, რომელთა წარდგენა დიდი და სერიოზული აუდიტორიის წინაშე ჩვენი საშუალებით მოხდება, დიდი წარმატება  ელით. 

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.


ყველა ახალი ამბავი
0