თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა, იტყობინება საქართველოს იუსტიციის სამინიტრო.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.
ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ცვლილებებით ფართოვდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არა მარტო ოჯახის ფარგლებში, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც; კერძოდ: შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენება შესაძლებელი იქნება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტის გამოვლენის ყველა შემთხვევაში. შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისათვის უქმდება მისი სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ მისი გამოცემისთანავე შევა ძალაში, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევაზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას.
ძალადობის მსხვერპლი ქალი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია. ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი ძალადობის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ძალადობის მსხვერპლ ქალს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.
სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 1332-ე მუხლიც, რომელიც ითვალისწინებს ქალთა გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაციას. ამ სახის ქმედებათა სისხლის სამართლის წესით დასჯადად გამოცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა არაერთი მსგავსი შემთხვევა. ქალთა გენიტალიების დამახინჯება ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით დაისჯება. იმავე დანაშაულის ჩადენა ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების კანონად მიღების შემდეგ, ქალთა უფლებები საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული, საქართველოს კანონმდებლობა კი შესაბამისობაში მოვა სტამბულის კონვენციასთან, რომელიც ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ჩამოაყალიბონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები.