თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მარია შელუდიაკოვა. საქართველო გარანტირებულად მიიღებს ბუნებრივ აირს არანაკლები მოცულობით, ვიდრე წინა წლებში, ხოლო გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში „გაზპრომ–ექსპორტი“ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებას შეძლებს, განუცხადა Sputnik–ს შესაბამისი დარგის წყარომ.
წყაროს სიტყვებით, „გაზპრომ–ექსპორტმა“ ქართველ პარტნიორებს რუსული ბუნებრივი აირის შეძენის ეკონომიკურად მიმზიდველი პირობები შესთავაზა.
„გაზპრომ–ექსპორტის“ ხელმძღვანელობა და ქართული ხელისუფლება ფულადი ფორმით გადახდაზე შეთანხმდნენ. ადრე საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით ბუნებრივი აირის სატრანზიტო მოცულობების 10%-ს იღებდა.
რუსულმა კომპანიამ ადრე პირობა დადო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წელიწადში გატარებული 2,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს გადაიხდიდა და ქვეყანას ბუნებრივი აირის ათას კუბურ მეტრს შარშანდელთან შედარებით 30 დოლარზე ნაკლებ ფასად მიაწვდიდა.
„გაზპრომ–ექსპორტსა“ და საქართველოს გაზის სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს მთავრობაში რატიფიკაციის პროცედურის გავლის შემდეგ.
„ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველო რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ფულადი ფორმით მიიღებს. ქვეყანას შეუძლია მიღებული სახსრები ეროვნული ბაზრის მოთხოვნების დასაფარად „გაზპრომ–ექსპორტისგან“ აირის შესაძენად გამოიყენოს“, — აცხადებს ბუნებრივი აირის დარგში წყარო.
წყარო ხაზს უსვამს, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ნედლეულით, რომელიც ურთიერთანგარიშგების დროს ქართველ პარტნიორებთან გამოიყენებოდა, წესებიდან გამონაკლისს წარმოადგენდა. ევროპულ ბაზარზე არსებული პრაქტიკის თანახმად, მომწოდებელი ტრანზიტის გადასახადს ფულადი ფორმით იხდის. ტრანზიტის საფასურის გადახდის ასეთ ფორმას „გაზპრომი“ ყველა პარტნიორთან იყენებს.
ურთიერთმომგებიანი კომპრომისი?
„გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების გაფორმებამ საქართველოში ხმაურიანი რეაქცია გამოიწვია. გარიგების დეტალების გახმაურებამდე ოპოზიციამ უკვე დააბრალა მთავრობას სახელმწიფო ინტერესების ღალატი.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების შესრულება მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იყოს. მარგველაშვილი თვლის, რომ შეთანხმება საქართველოს დამატებით პოლიტიკურ რისკებს მოუტანს და ენერგოუსაფრთხოებას შეასუსტებს. თუმცა მთავრობაში ამ შეთანხმებას „შექმნილ პირობებში მაქსიმალურად მომგებიანს“ უწოდებენ.
ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის დირექტორი კონსტანტინ სიმონოვი ამ გარიგებას როგორც ურთიერთმომგებიან კომპრომისს განიხილავს. იმპორტიორის ენერგოუსაფრთხოება — ეს სხვადასხვა წყაროდან ბუნებრივი აირის მიღების საშუალებაა, მოცემული გარიგება კი აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირთან ერთად რუსულის მიღების საშუალებას იძლევა.
„საქართველოს ინტერესები შევიწროებული არ არის, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი აცხადებს. ბუნებრივი აირის ფასი საქართველოსთვის საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. გაზის კომპანიები გადახდის უფრო ცივილიზებულ ფორმებზე გადავიდნენ, — განმარტავს ექსპერტი. — საქართველო ენერგოუსაფრთხოების კუთხით მხოლოდ მოიგებს. შენარჩუნდა ტრანზიტი, შენარჩუნდა რუსული ბუნებრივი აირის მიღების საშუალება. ამ დროს რუსეთი არ ურჩევს ქართველ ხელმძღვანელობას რომელი აირი შეიძინოს — რუსული თუ აზერბაიჯანული“.
ადრე საქართველოს ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ რუსული ბუნებრივი აირი საქართველოს საერთოდ არ სჭირდება, აღნიშნავს სიმონოვი. თუმცა, მისი თქმით, გრძელვადიან პესპექტივაში დგება კითხვები, შეძლებს თუ არა აზერბაიჯანი საქართველოს წინაშე ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულებების შესრულებას.
„ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, კარგია, რომ საქართველო „გაზპრომთან“ როგორც ბუნებრივი აირის მომწოდებელთან ურთიერთობებს ინარჩუნებს, — აღნიშნა ექსპერტმა. — ახლა საქართველოს უნარჩუნდება საკმაოდ კომფორტული პირობებით რუსული ბუნებრივი აირის მიღების საშუალება, უკეთესი პირობებით, ვიდრე აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის“.
2016 წელს საქართველო დღე–ღამეში დაახლოებით 11 მილიონ კუბურ მეტრს იღებდა. აქედან 6 მილიონი — აზერბაიჯანული ბუნებრივი აირია „ყაზახის“ მილსადენიდან, კიდევ 3 მილიონი — „შაზ–დენიზ–1“–ის ფაზის ფარგლებში (სამხრეთ–კავკასიური მილსადენი); დანარჩენ 2 მილიონ კუბურ მეტრს საქართველო სომხეთში მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებდა.
„გაზპრომ–ექსპორტის“ გენერალური დირექტორის ელენა ბურმისტროვასა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეხვედრა ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეთანხმების საკითხზე 10 იანვარს გაიმართა. როგორც კალაძე ადრე აღნიშნავდა, საქართველოს პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსურ გადასახადზე გადასვლის შემთხვევაში საქართველომ ფულად ეკვივალენტში გამოხატული ანალოგიური მოგება უნდა მიიღოს.