თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. "გაზპრომ–ექსპორტთან" მიღწეული შეთანხმების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო რუსეთიდან ბუნებრივი აირის 1 ათას კუბურ მეტრს არა 215 დოლარად, არამედ 185 დოლარად მიიღებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.
აქამდე საქართველო რუსეთიდან იღებდა სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს – ტრანზიტის საფასურის სახით. საქართველოსა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის დადებული ხელშეკრულების ვადა 1 იანვარს ამოიწურა. მოლაპარაკებები იმის გამო გაჭიანურდა, რომ "გაზპრომი" ტრანზიტის საფასურის ანაზღაურებას ფულადი სახით მოითხოვდა და არა ბუნებრივი აირის სახით, როგორც ამას საქართველო სთავაზობდა.
"მთავრობამ იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად", — განაცხადა კალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
"რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის", — ხაზი გაუსვა მინისტრმა.
მისივე თქმით, "გაზპრომთან" ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
"ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად — 185 დოლარად 215 დოლარის ნაცვლად“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომამდე მინსკის შეხვედრის შედეგების შეჯამებისას კალაძემ "გაზპრომის" წინადადებას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ბოლო წინადადებაა.
საქართველო რუსული ბუნებრივ აირის შესყიდვებს 2007 წლიდან აღარ ახორციელებს. ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია, რომელიც 2016 წლის მარტის დასაწყისში მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდაზე დათანხმდა.