კალაძემ „გაზპრომის“ წინადადებას საინტერესო უწოდა

გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით „გაზპრომისგან“ ბოლო წინადადება მიიღო.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. „გაზპრომმა“ საქართველოს რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურის გადახდის ახალი პირობები შესთავაზა — დეტალები ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, განუცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ენერგეტიკის მინისტრმა სამშაბათს „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საკითხზე მორიგი შეხვედრა გამართა. ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე შეხვედრა იყო.

„საინტერესო წინადადება მივიღეთ გაზპრომის“ მხრიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ვფიქრობ, საინტერესოა. ძირითადად საუბარი იყო ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მინსკიდან დაბრუნების შემდეგ.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
საქართველო განაგრძობს მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტის პირობების თაობაზე

მან აღნიშნა, რომ მანამდე „გაზპრომთან“ გამართული შეხვედრები უშედეგო იყო, რადგან მხარეთა პოზიციები სრულიად განსხვავდებოდა. რუსული კომპანიის ბოლო წინადადებას კალაძემ საინტერესო უწოდა.

„ვფიქრობ, საინტერესოა. მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილება იქნება მომზადებული“, — განაცხადა კალაძემ.

საქართველოსა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის ხელშეკრულების ვადა 1 იანვარს ამოიწურა. საქართველო რუსეთიდან იღებს სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს – ტრანზიტის საფასურის სახით.

დოკუმენტი 2016 წლის აპრილში გაფორმდა. რუსულ გაზს ქვეყანა 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. საქართველოში გაზის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია.

ყველა ახალი ამბავი
0