თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ არაკვალიფიციური და არაარგუმენტირებული უწოდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ქართული მხარის მიერ შპს „გაზპრომ–ექსპორტთან“ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს და გააუარესა საქართველოს ენერგოსექტორის მდგომარეობა. მან მოუწოდა პარლამენტს, მიიღოს ქმედითი ზომები — გაამკაცროს ზედამხედველობის ფუნქცია და ასევე წარმოადგინოს გეგმა, როგორ უნდა გადაილახოს მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები.
„ბატონ პრეზიდენტს აქვს ისეთი ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ მოლაპარაკებების დეტალები, მას აქვს წვდომა. არ არის საჭირო ეს არაკვალიფიციური და არაარგუმენტირებული განცხადებები, რომელთაც ვისმენთ ბოლო დღეების მანძილზე. რა თქმა უნდა, დასანანია, ასე რომ ხდება“, — თქვა კალაძემ ბრიფინგზე.
რაც შეეხება იმას, რომ „გაზპრომ–ექსპორტთან“ საქართველოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა, ეს ნორმალური პრაქტიკაა ყველა ქვეყანაში ამ ტიპის ხელშეკრულებებისათვის, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მან დასძინა, რომ მზად არის დეპუტატების წინაშე წარდგეს და მათ კითხვებს უპასუხოს, თუ ექნებათ შესაბამისი სურვილი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კალაძის ბრიფინგი გარეთ მოწყობილი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა ლოზუნგით „არა გაზპრომს“, რომლის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი თავისუფლება“.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელშეკრულება „გაზპრომთან“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას წაართმევს.
გასულ კვირაში ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება დათანხმებოდა „გაზპრომ–ექსპორტის“ წინადადებას და მიეღო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის საფასური ფულადი ანაზღაურებით და არა ნედლეულით.
გარდა ამისა, მოლაპარაკების თანახმად, საქართველო აუცილებლობის შემთხვევაში რუსეთისგან გაზს მიიღებს არა 215 დოლარად ათას კუბომეტრზე, არამედ 185 დოლარად.
საქართველო რუსულ გაზს არ ყიდულობს 2007 წლიდან.
გაზის ძირითადი იმპორტიორია აზერბაიჯანი, რომელიც 2016 წლის მარტის დასაწყისში გაზის მოწოდების მოცულობის გაზრდას დათანხმდა. აქამდე საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საერთო მოცულობის 10%-ს ნედლეულის სახით იღებდა.
„გაზპრომ–ექსპორტთან“ წინა ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოიწურა.
მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე იმ მიზეზით გაიწელა, რომ „გაზპრომი“ ქართული მხარისგან ტრანზიტის საფასურის ფულადი ანაზღაურების უფლებას ითხოვდა და არა ნედლეულით, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
„გაზპრომ–ექსპორტი“ 2017-2018 წლებში საქართველოს გავლით სომხეთში 2-2,2 მილიარდი კუბომეტრი გაზის ექსპორტს გეგმავს.