თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყანას ზიანს მოუტანს, განაცხადა სამშაბათს ბრიფინგზე სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
ქართულმა მხარემ „გაზპრომის" წინადადება მიიღო და რუსეთიდან სომხეთში „ცისფერი საწვავის" ტრანზიტის საფასურს ბუნებრივი აირის ნაცვლად ფულით მიიღებს. „გაზპრომ–ექსპორტთან" მიღწეული შეთანხმების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო რუსეთიდან ბუნებრივი აირის 1 ათას კუბურ მეტრს არა 215 აშშ დოლარად, არამედ 185 აშშ ვდოლარად მიიღებს.
„ამ ხელშეკრულების ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა, სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს“, — განაცხადა მიშველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს ქმედითი ზომების მიღებისკენ, აღნიშნა მან.
„ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმიზაცია“, — განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს 2007 წლიდან არ ყიდულობს. ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია, რომელიც 2016 წლის მარტის დასაწყისში მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდაზე დათანხმდა.
აქამდე საქართველო რუსეთიდან იღებდა სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს – ტრანზიტის საფასურის სახით. საქართველოსა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის დადებული ხელშეკრულების ვადა 1 იანვარს ამოიწურა.
მოლაპარაკებები იმის გამო გაჭიანურდა, რომ „გაზპრომი" ტრანზიტის საფასურის ანაზღაურებას ფულადი სახით მოითხოვდა და არა ბუნებრივი აირის სახით, როგორც ამას საქართველო სთავაზობდა.
„გაზპრომ ექსპორტი“ სომხეთისთვის საქართველოს გავლით 2017–2018 წლებში, წელიწადში 2–2,2 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავს.