საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს 2007 წლიდან არ ყიდულობს. უარის მიზეზი გახდა ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება და საქართველოს ტერიტორიის გავლით ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის გაყვანა. დღეს საქართველოს გაზმომარაგების ძირითად წყაროს სწორედ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი წარმოადგენს.
სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზირების სკითხი "გაზპრომმა" ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს დააყენა, როდესაც საქართველოს კომპანიასთან ყოველწლიური ხელშეკრულება უნდა გაეფოემებინა. თუმცა მაშინ ქართული მხარე "გაზპრომის" წინადადებას არ დათანხმდა და ხელშეკრულება დღეს არსებული პირობებით გაფორმდა — საქართველო რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის 10%-ს იღებს. ეს ხელშეკრულება 2017 წლამდე ყოველწლიურად ძველი პირობებით ახლდებოდა.
ახალი ხელშეკრულება
"გაზპრომ — ექსპორტის" კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან შეხვედრისას, საქართველოს შესთავაზა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მომსახურების ფულადი საფასურზე გადასვლა, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული განაკვეთების საფუძველზე. ქართული მხარე ამ პირობებს დასთანხმდა და ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.
კალაძის განმარტებით, ახალი ხელშეკრულება რუსულ ენერგომატარებლებზე საქართველოს დამოკიდებულების გაზრდას არ გამოიწვევს. შეიცვლება მხოლოდ საფასურის ფორმა, მაგრამ 2017 წლის განმავლობაში საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს, როგორც ტრანზიტის საფასურის ნაწილს, ისევ მიიღებს. ამასთან არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, საფასურის რომელ ნაწილს ბუნებრივი აირი შეადგენს, და რა ნაწილს — ფულადი სახსრები. 2018 წელს მთლიანი საფასური ფულადი სახის იქნება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის სეზონური დეფიციტის დაკმაყოფილების მიზნით, რომელიც საქართველოში ზამთრის პერიოდში იქმნება, ქვეყანა შეძლებს საწვავის შემცირებულ ფასად შეძენას (215 დოლარის ნაცვლად, 1000 კუბური მეტრი 185 აშშ-ს დოლარი იღირება)
ამავე დროს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გვახარიამ განმარტა, რომ კონტრაქტის მიხედვით საქართველოს არავინ ავალდებულებს რუსული ბუნებრივი აირი შეიძინოს. ეს წინადადება ძირითადი შეთანხმების მიღმა მოქმედებს.
"გაზპრომ-ექსპორტთან" კონტრაქტის მოქმედების ვადა — 2018 წლის 31 დეკემბერია, რომლის გასვლის მერე საქართველო ახალ კონტრაქტს ახალი პირობებით გააფორმებს.
საქართველოს გეგმები და მთავარი მომწოდებელი
ყოველწლიურად საქართველო სულ უფრო მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ძირითადი ნაწილი დროის ცივ პერიოდზე მოდის, როდესაც გათბობის სეზონი იწყება და მოქალაქეთა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად საქართველო იძულებულია ბუნებრივი აირის დამატებითი შესყიდვები განახორციელოს.
ბუნრბრივი აირის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოდის. თუკი ადრე აზერბაიჯანი ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 190 დოლარად გვაწვდიდა, 2016 წლის მარტში კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეს ფასი შემცირდა.
აზერბაიჯანთან შეთანხმების შემდეგ, ზამთრის პერიოდში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საქართველომ კიდევ ერთი გამოსავალი იპოვა. 2018 წელს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება 300 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის შენახვა, ანუ საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ის. მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება.
მთავრობის თქმით, გაზსაცავი საქართველოს საშუალებას მისცემს სამუდამოდ დაივიწყოს ბუნებრივი აირის დეფეციტი და თავი დაიზღვიოს ბუნებრივი აირის მოწოდების გაუთვალისწინებელი შეწყვეტისაგან.
გარდა ამისა, 2019 წელს დასრულდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის აირსადენის გაფართოების პროექტი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობები მიიღოს, რაც ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირისგან კიდევ უფრო დამოუკიდებელს გახდის.
ექსპერტთა აზრი
ენერგეტიკოს გია არაბიძეს არ მიაჩნია, რომ "გაზპრომთან" ახალი შეთანხმება საქართველოსთვის რაიმეს შეცვლის.
"ახალი სიტუაცია ჩვენი გაზმომარაგების სისტემისთვის კატასტროფული არ არის… 2018 წლის შემდეგ დარეგულირდება საკითხი "შახ დენიზთან" და გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება. ორწლიანი ტაიმაუტი იმისთვის გახდა საჭირო, რომ 2019 წელს შეთანხმების გადახედვის კუთხით უფრო სეროიზული მოლაპარაკებები ჩატარდეს", — განაცხადა არაბიძემ.
სხვა ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს დრე თუ გვიან მოუწევდა ბუნებრივი აირის ტრანზიტის იმ საფასურზე გადასვლა, რომელიც "გაზპრომმა" შესთავაზა.
„ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის ნედლეულით მიღება ყველაზე მომგებიანი პირობაა, რომელიც ზოგადად ბუნებაში არსებობს, თუმცა, პრაქტიკულად, ყველა სატრანზიტო ქვეყანა გაზის ტრანზიტის საფასურს უკვე ფულით იღებს. ამიტომ ეს შეთანხმება ის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღებაც საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევდა“, — აღნიშნა გვიდიანმა.