რეორგანიზაცია თავდაცვის უწყებაში: მინისტრი მრჩეველების გარეშე დარჩა

გამოწერა
თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების კვალიფიკაციის შემოწმებას აპირებს, მათ შორის დაწესდება ტესტები ფიზიკური მომზადების შესამოწმებლად.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციისას საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ექვსივე მრჩეველი გათავისუფლდა, განუცხადა იზორიამ  ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროში რეფორმების შუალედური შედეგების შეჯამებისას. 

თავდაცვიის უწყებაში რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია ლევან იზორიამ მიმდინარე წლის ნოემბერში დააანონსა. რეფორმები ამა წლის 19 დეკემბერს დაიწყო, როდესაც მინისტრმა რამდენიმე შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში შტატების შემცირება დაიწყო

„მინისტრს ჰაყვდა 6 მრჩეველი და დღეს არცერთი აღარ ჰყავს. ასევე, არცერთი მრჩეველი არ ჰყავს გენშტაბის უფროსს. მას 5 მრჩეველი ჰყავდა. მინისტრსა და მოადგილეებს ჯამში 10 მრჩეველი ჰყავდა. მრჩევლის გარკვეული დანაყოფებიც იყო.  როდესაც დავითვალეთ, გამოვარკვიეთ, რომ თანხა (ხელფასების) დაახლოებით 400 ათას ლარს შეადგენდა. ყველგან მისი გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა იზორიამ.

ამიერიდან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რჩევის მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისუფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და მისი მოადგილეებისგან აპირებს.

„თავდაცვის მინისტრის საუკეთესო მრჩევლები გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები არიან. ამ ადამიანებს დიდი ღვაწლი აქვთ თავისი ქვეყნის წინაშე. თითქმის ყველგან, სადაც ქართველი ჯარისკაცი უნდა მდგარიყო, მათთან ერთად იდგა გენერალური შტაბის უფროსი. ამ კაცმა და მისმა გუნდმა მიიღო საუკეთესო განათლება დასავლეთის ქვეყნებში და თუ ვინმეს ვკითხავ რჩევას, პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანებს“, – დასძინა მინისტრმა.

სტრუქტურული ცვლილებები შეეხო თავდაცვის სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებსაც.

ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო
სესიაშვილი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ოპტიმიზაცია ესაჭიროება

მთლიანობაში, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განყოფილების განკარგულებაში გადავიდა 76 ოფიცერი, 88 კაპრალი და სერჟანტი, მათ შორის სამხედრო პოლიციის 77 თანამშრომელი. ხოლო 209 ოფიცერი არმიის რიგებიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლდა.

„მომავალ წელს ვგეგმავთ მნიშნველოვანი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართული იქნება კვალიფიკაციის და ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე. შესაბამისად, ოფიცრებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება, აღარ გაეგრძელებინათ სამხედრო სამსახური და სანაცვლოდ მიეღოთ კომპენსაცია“, – აღნიშნა თავდაცვიის მინისტრმა.

სამინისტრომ გათავისუფლებული თანამშრომლები უყურადღებოდ არ დატოვა და კომპენსაციის სახით მათ გარკვეული თანხა ჩაურიცხა.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საავიაციო გამოფენაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის სარდლები თანამდებობებზე აღადგინეს

ლეიტენანტებმა და უფროსმა ლეიტენანტებმა მიიღეს 10–10 ათასი ლარი, კაპიტნებმა – 14 ათასი ლარი, მაიორებმა – 18 ათასი ლარი, ვიცე–პოლკოვნიკებმა – 23 ათასი ლარი, პოლკოვნიკებმა – 29 ათასი ლარი. კომპენსაციების საერთო თანხამ 5,19 მლნ ლარი შეადგინა.

სამხედრო პირების გარდა, შემცირებაში მოყვნენ უწყებაში დასაქმებული სამოქალაქო პირებიც. კადრების განკარგულებაში გადაყვანილია 502 სამოქალაქო პირი.

„ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო ბატალიონები დაკომპლექტებულია სამხედრო პირებით და არა სამოქალაქო პირებით. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა ამ სტანდარტებთან მიახლოება, უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი სტრუქტურები, რომელიც ამ სტანდარტების თავსებადია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაცია 2017 წლის იანვარში დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0