თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ცვლილებები ესაჭიროება, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა უწყებიდან თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე კომენტარისას.
მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია ჯერ კიდევ ნოემბერში დააანონსა, როდესაც მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის 100 დღის შედეგებს აჯამებდა. ლევან იზორიას ბრძანებით, სამხედრო პოლიციის 77 თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.
„მესმის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მძიმეა სამსახურის დაკარგვა. მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს ესაჭიროებოდა და დღესაც ესაჭიროება სერიოზული ოპტიმიზაცია… მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მინისტრისთვის, რომელიც ხელმძღვანელობდა თავდაცვას, ეს პრობლემა იყო ნათელი და ძალიან მწვავედ იდგა“, — ხაზი გაუსვა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, აუცილებელია ამოყირავებული პირამიდის გასწორება და იმ სტანდარტებში ჩაჯდომა, რომლებსაც ნატოს სტანდარტი ჰქვია.
„ვუთანაგრძნობ მათ, მაგრამ ეს ის მტკივნეული ნაბიჯებია, რომლებიც აუცილებელი ნებისმიერი ჯარისკაცისთვის, ნებისმიერი ოფიცრისთვის, თავდაცვის ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ ვწუხვარ, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია“, — თქვა სესიაშვილმა.
სამხედრო პოლიციიდან თანამშრომლების გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად გაბერილი კადრები სახელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ფულად კომპენსაციას გადაუხდიან — შრომის კოდექსის შესაბამისად. ასევე არ გამორიცხავენ, რომ მათი ნაწილი, კონკურსის გავლის შემდეგ, უწყების სხვა ქვედანაყოფებში დაასაქმონ.