თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის რეფორმებს გააგრძელებს, განაცხადა ახლადდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიფინგზე.
ლევან იზორიამ თავდაცვის უწყების პირველი პირის პორტფელი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც თინათინ ხიდაშელმა თანამდებობა დატოვა.
„ჩვენ ევროატლანტიკურ კურსს გავაგრძელებთ და განვახორციელებთ რეფორმებს ამ მიმართულებით“, — განაცხადა იზორიამ.
გარდა ამისა, ახალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის მუშაობას.
ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს დაიბადა. დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და გეორგ-ავგუსტის სახელობის გეოტინგენის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი, 2007-2008 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტის“ დეკანი. 2008-2009 წლებში — ქალაქ შპაიერში (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პროფესორი. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ, 2015 წელს კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.