თბილისი, 1 დეკემბერი- Sputnik. სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე, რომლებმაც შეიარაღებული ძალების წამყვანი თანამდებობები სკანდალის გამო დატოვეს, მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდნენ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, ცაბაძე კი — ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. მათ ეს თანამდებობები ნოემბრის შუა რიცხვებში იმ ბრალდების გამო დატოვეს, თითქოსდა ისინი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პირად შემადგენლობას ბრძანებას აძლევდნენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ ხმა.
“მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება“,- აღნიშნეს სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკითხეს ვიცე-პოლკოვნიკები ნინუა და ცაბაძე, თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე და ასევე მასმედიის წარმომადგენლები, რომლებმაც პირველებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია.
ნინუასა და ცაბაძის დროებით გადაყენებას წინ უსწრებდა მედიის მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ნინუა და ცაბაძე ამ თანამდებობებზე დანიშვნისთვის ვერ აკმაყოფილებენ რიგ აუცილებელ კრიტერიუმებს — ოფიცრად მსახურების წლებს, სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და უცხო ენის ცოდნის დონეს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინუა და ცაბაძე გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას რეკომენდაციით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დანიშნა. აღინიშნა, რომ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელების კანდიდატებს სპეციალური კომისია უნდა არჩევდეს.
ჩაჩიბაიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა. მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთა გატარება უმოკლეს ვადებში იყო საჭირო.