„Sputnik-საქართველო“ გიყვებათ წარმატებულ ქართველებზე, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. ამჟამად ჩვენი გმირია სოფიო ბარათაშვილი, რომელიც თავის „ამერიკულ ოცნებაზე“ და დონალდ ტრამპთან ნაცნობობის ისტორიაზე მოგითხრობთ.
ბარათაშვილი თბილისში დაიბადა — ის ლამაზი, ჭკვიანი და მიზანდასახულია. 1998 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სიახლეების საძიებლად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც მრავალი განსაცდელი შეხვდა. ამჟამად ის ფლორიდაში ცხოვრობს, ფსიქოლოგად მუშაობს და საკუთარი ბიზნესი აქვს.
– სოფო, რატომ წახვედით ამერიკაში?
— როდესაც დავქვრივდი და ექვსი წლის გოგონა დამრჩა, მივხვდი, რომ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. არ მჯეროდა, რომ ვიზას მივიღებდი, მაგრამ უპრობლემოდ მივიღე. მამაჩემმა პასპორტი წამართვა და სეიფში შეინახა, არ უნდოდა ასე შორს ჩემი გაშვება. თუმცა ვიზის ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე მაინც დამიბრუნა პასპორტი. მაშინვე ვიყიდე ბილეთი და ოჯახის მეგობრებთან ერთად ამერიკაში წავედი. მაშინ 27 წლის ვიყავი.
იმიტომ არ წავსულვარ, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები მქონდა, მინდოდა ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. ისე მოხდა, რომ ამერიკაში ჩასვლისთანავე, პირველივე დღეს გავიცანი ქართველი, რომელმაც გამომიცხადა, რომ მისი ცოლი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, გამეცინა, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. ერთმანეთი შეგვიყვარდა, გვეყოლა ბიჭი. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ქალიშვილის ჩამოყვანა შევძელით. ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ზაზა ძალიან განათლებული, ჭკვიანი, კეთილი და ყურადღებიანი იყო. მაგრამ ბედისწერა დიდ განსაცდელს მიმზადებდა. ზაზა ავარიაში მოხვდა და დაიღუპა.
ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც მე ბავშვებთან ერთად თბილისში ვიყავი. მამაჩემი შეუძლოდ იყო, საახალწლოდ მშობლებთან ერთად ყოფნა და ავადმყოფი მამის მოვლა მინდოდა.
მეგობრები ჩემი მეუღლის გადმოსვენებაში დამეხმარნენ. ორი ბავშვით მარტო დავრჩი, ეს ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი იყო. არჩევანის წინაშე დავდექი — ორი ბავშვით ამერიკაში დავბრუნებულიყავი თუ თბილისში დავრჩენილიყავი. ამერიკაში დაბრუნება გადავწყვიტე, ვიფიქრე, ბავშვებისთვის ასე უკეთესი იქნებოდა.
ბევრი რამ გამოვიარე, ფიზიკურ სამუშაოსაც არ ვთაკილობდი. ისე გამოვიდა, რომ უფრო ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე მეგონა, მე ხომ დეპრესიისთვის დრო არ მქონდა. არანორმალური რეჟიმით ვცხოვრობდი. დილით ბავშვები სკოლაში მიმყავდა, მერე ერთ ბებოს ექიმებთან სიარულში ვეხმარებოდი, იქიდან სალონში მივდიოდი, სადაც კოსმეტოლოგად ვმუშაობდი, ვაწყობდი ღონისძიებებს, საორგანიზაციო საკითხებს ვწყვეტდი. არ ვჩერდებოდი, მავიწყდებოდა, რომ ქვრივი ვარ. ბავშვები ხვდებოდნენ, რა დღეში ვიყავი, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ანთებდნენ სანთლებს, სუფრას მიშლიდნენ, მასაჟს მიკეთებდნენ.
– ახლა რას საქმიანობთ?
— ყოველთვის მჯეროდა, რომ ამერიკა — სურვილების ასრულების ქვეყანაა, ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. როდესაც ქაოსი ჩაწყნარდა და მე ახალ ადგილსა და სამსახურს შევეჩვიე, საკუთარი ბიზნესის გახსნა გადავწყვიტე. ამჟამად მაქვს საკუთარი სალონი Sophisticated Beauty. აქ კანის მოვლის ნებისმიერი მომსახურების მიღება შეიძლება. ამავე დროს რუსულენოვან კლიენტებთან ფსიქოლოგად ვმუშაობ. თავიდან 15 პაციენტი მყავდა, ახლა კი 34. გათხოვილი ჯერჯერობით არ ვარ, მაგრამ მყავს საქმრო, დონალდ ტრამპის გარემოცვიდან საერთო მეგობრები გვყავს.
– დონალდ ტრამპი როგორ გაიცანით?
— აშშ-ში მშვენიერი მეგობრები შევიძინე, ეს პალმ-ბიჩის ელიტაა. ყოველთვის ვხედავ ტრამპს, როდესაც ის ფლორიდაში ჩამოდის. მან და მელანიამ თაფლობის თვე აქ გაატარეს. ყველა დღესასწაულზე აქ უყვარს ჩამოსვლა, ნიუ-იორკის არანორმალური ტემპისგან ისვენებს. პალმ-ბიჩში, Trump International-ში გოლფს თამაშობს. მეგობრებთან ერთად დახურულ კლუბში Mar-A-lago-ში მოვხვდი. ეს კერძო კლუბია, რომელიც ტრამპმა 1980-იან წლებში შეიძინა.
თავდაპირველად ის ერთი მარტოხელა ქალის საკუთრება იყო, მას ძალიან უნდოდა, რომ ეს ადგილი ამერიკის პრეზიდენტის ზამთრის რეზიდენცია გამხდარიყო. ამ ქალის გარდაცვალების შემდეგ მისი რეზიდენცია ქალაქს ანდერძით გადაეცა, მაგრამ მისი შენახვა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ ეს სასახლე აუქციონზე ტრამპმა შეიძინა. ასე რომ, ამ სასახლის დიასახლისის ოცნება ასრულდა. ტრამპი პრეზიდენტი გახდა, სასახლე კი საპრეზიდენტო ოჯახის ზამთრის რეზიდენციად იქცა.
Mar-A-lago-ში უცხო ადამიანი ვერ მოხვდება, ან კლუბის წევრი უნდა იყო, ან სტუმარი. მესამე წელია ამ კლუბის წევრი ვარ. ეს ადგილია, სადაც ტრამპი ხშირად ჩნდება, ერთობა, სადილობს. კლუბის წევრებთან თავისუფალი ურთიერთობა აქვს, ეს ხომ მისი სამფლობელოა. ჩვენ მისი სტუმრები ვართ, ის კი მასპინძელი. მეგობრებთან ერთად ყველა დღესასწაულს იქ აღვნიშნავთ. მასთან სურათის გადაღება ან საუბარი უპრობლემოდ შეიძლებოდა, ის ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო.
– ცხოვრებაში როგორია ტრამპი?
— პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ინტერვიუს პიარის მიზნით არ გაძლევთ. მინდა მოგიყვეთ სინამდვილეში როგორია აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი. ბევრი მას მონსტრად და საშინელ ადამიანად წარმოაჩენს. ეს ასე არ არის! ის კეთილგანწყობილია. ცხოვრებაში სულ სხვანაირია, ვიდრე ეკრანზე. დარწმუნებული ვარ, ამერიკა მას ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად დაიმახსოვრებს. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ეს ასე იქნება. ის ძალიან ძლიერი ადამიანია, ზუსტად იცის, რა და როგორ გააკეთოს. ბატონი ტრამპი გაბედულია, ლამაზ სიტყვებს არ ეძებს, ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის ემიგრანტების წინააღმდეგი არ არის. CNN და მასმედიის სხვა საშუალებები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, თითქოს მას ემიგრანტები სძულს. ის ამერიკელია და ქვეყნის განვითარება სურს, რაც ბუნებრივია. ის იმ არალეგალების შესახებ საუბრობს, რომლებიც ციხეში რამდენჯერმე მოხვდნენ, აუპატიურებდნენ გოგონებს, პოლიციელებს ესროდნენ. ანუ კარდაკარ არავინ ივლის და სახლებიდან გამოგდებას არავინ დაუწყებს საცოდავ ემიგრანტებს, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ, მოხუცებსა და ბავშვებს უვლიან. ტრამპი მესამე ქორწინებაში იმყოფება. მისი სამი ცოლიდან ორი (ივანა და მელანია) ემიგრანტები არიან. მელანიას მშობლები „ტრამპ ტაუერში“ ცხოვრობენ, დღესასწაულებზე თითქმის ყოველთვის ფლორიდაში ჩამოდიან. ანუ ტრამპი მუდმივად ემიგრანტების გარემოცვაში იმყოფება, როგორ შეიძლება მას ისინი სძულდეს?
– მელანიას როგორ დაახასიათებდით?
— ის ძალიან ნაზი, თავშეკავებული და მშვიდია. ძალიან არ უყვარს ფოტოგადაღება, თავის თავს ძალიან კრიტიკულად უდგება. კონსერვატიული და მორცხვია, ზოგჯერ არ მჯერა, რომ ოდესღაც მოდელი იყო.
– ტრამპს საჩუქარი გაუკეთეთ — ნახატი, მოეწონა? რა თქვა?
— დიახ, ეს ბატონ ტრამპთან არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრის დროს მოხდა. გამარჯვება მივულოცე და წამატება ვუსურვე. იცით, ის არ შეცვლილა, ისეთივე უშუალო და კეთილგანწყობილია. აქამდე ის ჩემთვის ჩვეულებრივი მილიონერი იყო, კლუბის მეპატრონე, ახლა კი განსაკუთრებული ადამიანი გახდა.
მადლიერების დღემდე ერთი დღით ადრე ფლორიდაში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მეგობრებთან ერთად მისთვის საჩუქრის გაკეთება გადავწყვიტეთ. სურათი, რომელიც მას ვაჩუქეთ, ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ლორან დარომ დახატა. სურათზე ტრამპი ხელში აღმართული დროშით არის დახატული.
სურათი დაიხატა შედეგების გამოქვეყნებამდე, და ჩვენ მას ნებისმიერ შემთხვევაში გადავცემდით, გახდებოდა ის პრეზიდენტი თუ არა. გამარჯვებამ ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ტრამპმა იკითხა, რატომ მაქვს ასეთი კილო, საიდან ვარ. როდესაც საქართველო ვახსენე, თქვა, რომ ჩვენ ქვეყანაში ნამყოფია, რომ მას ძალიან მოეწონა ოპერა (ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი). ასევე თქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იცნობს, მაგრამ მის სახელს ვერ იხსენებდა. მე შევახსენე. მან თქვა, რომ ეს მხიარული და ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო. ჩემს მეგობრებს ჰკითხა, ყოფილან თუ არა ოდესმე საქართველოში.
– მადლიერების დღესაც შეხვდით მას, როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
– მეორე დღეს, იმის შემდეგ, რაც ტრამპს სურათი გადავეცით, მას მოულოდნელად Mar-A-lago-ში შევხვდი. დაცვამ მეორე მხარეს დადგომა მთხოვა. ის ხალხში იდგა და საუბრობდა, მე რომ დამინახა, დამიძახა – „მის ჯორჯია“. მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა.
ტრამპი მომიახლოვდა, მომიკითხა. მე და ჩემი მეგობრები მადლიერების დღეს აღვნიშნავდით. მან ჩემ მეგობრებთან მისალმების სურვილი გამოთქვა. ჩვენი მაგიდა სხვა დარბაზის ბოლოს ღია ტერასაზე იდგა. მთელი დარბაზი ერთად გავიარეთ, ყველანი ფეხზე ადგომით ესალმებოდნენ. როდესაც ჩვენ მაგიდას მივუახლოვდით, ჩემი მეგობრები კინაღამ გაგიჟდნენ. ყველას ცალ–ცალკე მიესალმა, გაიცნო, სურათები გადავიღეთ.
მან მკითხა: „შენი ქმარი სად არის?“ ვიხუმრე და ვუპასუხე, რომ ქმარი ჯერ არ მყავს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელსაც სურს ის გახდეს. როდესაც გაიგო, რომ ჩვენ ხუთი წელია ერთად ვართ, ჩემს საქმროს მიუტრიალდა და უთხრა, რომ დრო არ გაეწელა, თორემ ჩიტივით გავუფრინდები. ყველას გაეცინა. ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო იყო.
მერე ტრამპს პირადად გავეცანი, ვუთხარი, რომ სოფია მქვია. მან მიპასუხა: „აჰა, როგორც სოფი ლორენი? აი რაშია შენი სილამაზის საიდუმლო. ახლა არ დამავიწყდება შენი სახელი“. მე მას მადლობა გადავუხადე, ასე დასრულდა ჩვენი შეხვედრა. დამშვიდობებისას ტრამპმა იკითხა, ახალ წელს კლუბში თუ ვიქნებით, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ რა თქმა უნდა, ყველანი Mar-A-lago-ში ვიქნებით. დაგვპირდა, რომ ჩამოვა. ჰო, მართლა, ის უკვე ფლორიდაშია.
– როგორ ფიქრობთ, ტრამპის პრეზიდენტობა საქართველოზე როგორ იმოქმედებს?
ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცი, რომ მას ახსოვს საქართველო, ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონს და ის დადებითად არის განწყობილი. ამერიკის პრეზიდენტის ამგვარი დამოკიდებულება რომელიმე ქვეყნის მიმართ, ვფიქრობ, ბევრს ნიშნავს.