ხატვა ემიგრაციაში ყოფნის დროს ნოსტალგიამ დააწყებინა. თანაც, ხატავს უჩვეულოდ, ფუნჯის გარეშე, მხოლოდ თითების საშუალებით. მისი ნახატების პირველი გამოფენა ნიუ-იორკში, კომპანია „DANCING CRANE“- თან არსებულ ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა. ამბობს, რომ ფუნჯის გარეშე ხატვა მასში უჩვეულო შეგრძნებებს იწვევს, რადგან როცა ტილოს თითებით ეხება, საკუთარი განცდები მასზე უფრო ადვილად გადააქვს. საუბარია მხატვარ, ნიკა წეველიძეზე, რომელსაც ნიუ-იორკში დავუკავშირდი.
-ნიკა, თქვენ ხართ მხატვარი, რომელმაც ფუნჯის გარეშე დაიწყო ხატვა, ანუ ფაქტობრივად „შიშველი ხელებით“ ხატავთ… ამგვარად შექმნილი პირველი ნახატი თუ გახსოვთ?
— პირველ რიგში მივესალმები თქვენს მკითხველს. რაც შეეხება ხელით ხატვას, მოგეხსენებათ, მე თვითნასწავლი ხელოვანი ვარ, ფუნჯით ხატვას ცოდნა უნდა, რაც მე არ ვიცოდი, ამიტომ ეს საქმე ერთის მხრივ, გამიადვილდა. მოგვიანებით მივხვდი, როცა ტილოს თითებით ვეხები, მასზე ჩემი განცდები უფრო მეტი გრძნობით გადამაქვს. პირველი ნახატი მეგობრის დაჟინებული თხოვნით დავხატე და მან დიდი მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით კიდევ ვცადე და მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი… ამ მხრივ დიდი იმპულსი მომცა ჩემმა მხატვარმა მეგობარმა, ნინო აბაშიძემ, რომელიც ყოველთვის მარწმუნებდა, რომ რასაც ვხატავდი,- ეს არ იყო უბრალო რამ და არ უნდა შევჩრებულიყავი. როგორც ასეთი, ხელით ხატვა- ეს მხატვრობაში რაიმე მიმდინარეობა და სტილი არ არის. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე ტილოს ფერებით „ვეფერები“ და ამით მის სულიერ დატვირთვას ვგრძნობ…
- ამ ფორმით სულ რამდენი ნახატი გაქვთ შექმნილი და რაიმე თემატიკას განსაკუთრებით თუ ანიჭებთ უპირატესობას?
— დღემდე სულ 40-მდე ნახატი მაქვს. ჩემი ნახატების თემატიკა —ჩემივე ემოციაა… ემოცია ხომ სხვადასხვანაირი არსებობს, მე ამ სხვადასხვაობას ფერებით გამოვხატავ.. ცნობილ მხატვრებზე გაგონილი და წაკითხული აქამდეც ბევრი მქონდა, მაგრამ დღეს სულ სხვა ინტერესით ვეცნობი მათ შემოქმედებას. ვფიქრობ, მხატვარს არ შეიძლება, ხატვის მხოლოდ ერთი მანერა ჰქონდეს. ხელოვანის ბუნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოსახვის მანერა ხშირად ეცვლება.
- ნიკა, სულ ახლახან ნიუ-იორკში გამოფენა გქონდათ, რაგამოხმაურება მოჰყვა მას?
— დიახ, 2 ივლისს, პირველი გამოფენა მქონდა, რომელიც ნიუ-იორკში, კომპანია „DANCING CRANE“- თან არსებულ ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა. მისი დამთვალიერებელი ძირითადად ქართველი ემიგრანტები იყვნენ. მათ შორის საქართველოს საკონსულოდან ვიცე-კონსული, ნინო გაჩეჩილაძე და სახალხო არტისტი, ხათუნა იოსელიანი იყო. მოხარული ვარ, რომ ძალიან დადებითი შეფასებები მივიღე. მინდა მადლობა გადავუხადო თითიოეულ სტუმარს, ვინც მოვიდა და დამაფასა. განსაკუთრებით დიდი მადლობა დახმარებისა და თანადგომისთვის მსახიობს, ქალბატონ ცუცა კაპანაძეს.
- ყველაზე უჩვეულო შეფასება, რაც კი საკუთარ თავზე მოგისმენიათ, რომელია?
— ზოგადად გაოცებას ვერავინ მალავს იმ ფაქტის გამო, მე რომ ხატვა დავიწყე, ეს ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შეფასება რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ეს იყო სიტყები: „ამ ნამუშევრების შემქმნელი ან ჯადოქარია, ან ქუდბედიანი, ან ღვთის მადლიანი ადამიანიო."
- ლოგიკურად ისმის კითხვა: ფუნჯით ხატვა თუ გიცდიათ და როგორ პარალელს გაავლებდით ხელით დახატულ ნახატებს შორის?
— ანუ მეკითხებით უფრო იოლი ან საინტერესო რომელია? სულ რამდენიმე თვეა, რაც ხატვა დავიწყე. ფუნჯით ხატვის მცდელობა მქონია მაშინ, როცა ასე ვთქვათ, ჩემს ფერებს ვეძებდი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 40-მდე ნახატი ასე შეიქმნა. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ჯერ ისევ სწავლისა და ძიების პროცესში ვარ. აქამდე აკრილით ვმუშაობდი, ახლა სურვილი გამიჩნდა, რომ ზეთის საღებავებით ვხატო. ზოგადად ჩემი ხედვა აბსტრაქციაა. თუმცა სხვადასხვა სტილითაც ვარ დაინტერესებული. მთავარია, განცდა თუ ნააზრები ტილოზე სწორად იყოს გადატანილი. ის, თუ რომელია მარტივი თუ რთული, ამას ვერ ვიტყვი,…
- ნიკა, ამბობთ, რომ განსაცდელებით სავსე ცხოვრება განვლეთ, რას გულისხმობთ კონკრეტულად?
— ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ასე ვთქვათ, შავ-თეთრი ფერების პერიოდი და იმედგაცრუებების დრო. მათ შორის, ბუნებრივია, მეც. ზოგადად ადამიანს რაც არ კლავს, ის ხომ აძლიერებს?.. ეს პერიოდი მეც მქონია. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, განცდილი ტკივილიანი დღეები ღირდა იმად, რომ საკუთარ თავში ჩემი ძალების საზომი გამეგო… ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარებადია, თუკი პრობლემა თავის დროზე მოგვარდება. ჩვენ კი ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ამას ვაგვიანებთ.
- რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ადამიანი საკუთარ თავში ბევრ უჩვეულოს აღმოაჩენს ხოლმე, თქვენ შემთხვევაში რა აღმოაჩინეთ?
— ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი როცა რაიმე სირთულეს აწყდება, იბნევა და სუსტდება კიდეც. ჩემს შემთხვევაში საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, რომელიც გაცილებით მეტი მქონია, ვიდრე მანამდე ვფიქრობდი. ცხოვრებისგან ნებისმიერი გამოწვევა ადამიანმა თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. ემიგრაციაში ჩემმა ყოფნამ და აქამდე განუცდელმა უცხო გრძნობებმა მე ხატვა დამაწყებინა. გამოდის, რომ ნოსტალგიის სირთულე, ჩემდა სასიკეთოდ გადავლახე, ანუ ხატვა სრულიად მოუმზადებლად, დაუგეგმავად და ბუნებრივად დავიწყე და ჩემს თავში სხვა ძალაც აღმოვაჩინე.
- ნიკა, რამ გაგაკვირვათ ყველაზე ძალიან ამერიკაში და რას ვერ მიიღებთ?
— იმდენად მინდოდა ამერიკაში ცხოვრება, რომ გაკვირვებით ნამდვილად არაფერი გამკვირვებია… შეგრძნება კი ისეთი მქონდა, თითქოს აქ ადრე უკვე ვიყავი ნამყოფი… რას ვერ მივიღებ? მე ასე ვფიქრობ, რა მნიშვნელობაა, სად იცხოვრებ, მიუღებელი არასოდეს უნდა მიიღო და მორჩა.. უცხო ქვეყანაში კიდევ ერთი რამ მშველის- საქართველოდან გამოყოლილი მოგონებები, რომელიც არასოდეს გახუნდება. ამიტომ ტკბილ მოგონებად დარჩენილი დღეები ყოველთვის მენატრება…