თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შედეგად უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას შეამსუბუქებს.
საქართველოში მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავების პირველი შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, განმეორებითი დაკავების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმედ. ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას მოითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტია.
„ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო პროგრამაში უკვე აღნიშნული ჰქონდა, რომ ამ სფეროში საჭიროა ლიბერალიზაცია და ახლა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა… დიდი იმედი მაქვს, რომ ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაიხედება ჩვენი ნარკოპოლიტიკა“, — განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
შესაბამის კანონპროექტებზე დეპუტატები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში სათანადო შედეგით დასრულდება ეს პროცესი. თუ როგორ სახეს მიიღებს ეს კანონპროექტი, ჯერჯერობით არ ვიცი, რადგან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, რომ ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაიხედება ჩვენი ნარკოპოლიტიკა“, — განაცხადა კობახიძემ.
გასულ კვირას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის მოხმარება-შენახვა-შეძენისთვის პატიმრობის სასჯელი უკანონოდ სცნო და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ნორმა გააუქმა.
სარჩელის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი იყო, რომელმაც თავისი მოთხოვნა იმით ახსნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა საკმაოდ მკაცრ სასჯელს წარმოადგენს.
2016 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა გააუქმა, რომელიც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებდა.
ამასთან, სასამართლო გააგრძელებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვას, რომელიც სხვა ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისა და დამზადებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს.
პირადი მოხმარებისთვის მარიხუანის დამზადებისა და მოხმარების ლეგალიზების თემა აქტუალური კიდევ ერთხელ 2016 წლის ნოემბერში გახდა. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ლიდერებმა საზოგადოებას 31 დეკემბრის ღამით საკუთარ ოფისში მარიხუანის დარგვის პირობა მისცეს, რათა მათი პატიმრობის შემთხვევაში ამ ფორმით მიიქციონ საზოგადოების ყურადღება.
საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების სრულ ლეგალიზაციას ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“ მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ თბილისის ცენტრში ჩატარებული აქცია ხმაურისა და პოლიციელებთან დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. „თეთრი ხმაური“ 40 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად კანონპროექტს ამზადებს, რომელიც პარლამენტში უახლოეს დროში შევა.