თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გაგზავნა მომავალი მთავრობის უახლოესი ოთხი წლის პროგრამა სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
პარლამენტმა ნდობა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას შაბათს უნდა გამოუცხადოს. ამისთვის მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველო“ საკმარისზე მეტი ხმა აქვს.
პრეამბულაში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამა მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს და მიმართულია ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითარებაზე, სოციალური პრობლემების გადაჭრასა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ეკონომიკა
საქართველოს მომავალი მთავრობა პირობას დებს, რომ ყველა ეკონომიკურ პროგრამას განახორციელებს ისე, რომ ამან ამავდროულად ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას ადამიანების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობაში ჩარევა არ იგეგმება. კვირიკაშვილის მთავრობა ეროვნულ ვალუტაში კრედიტირების გაზრდის პირობას დებს.
„საქართველო არის მცირე, ღია ეკონომიკის ქვეყანა. შესაბამისად, ის ვერ იქნება იზოლირებული რეგიონსა და გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისაგან“, – აღნიშნულია პროგრამაში.
მსოფლიო ეკონომიკაში ნეგატიური პროცესების, რომლებიც, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის კურსზე და პროდუქტების ფასებზე აისახება, ნეიტრალიზებას ახალი მთავრობა ხარჯების ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების, პროგრამული ბიუეტის პრინციპის ურუნველყოფისა და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის გზით აპირებს.
სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ იმ დონეზე დარჩება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსა და სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს უზრუნველყოფს, ნათქვამია პროგრამაში.
დასაქმება და განათლება
უმუშევრობასთან ბრძოლის მიზნით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს, მომავალი მთავრობა სამუშაოს მძებნელი მოსახლეობის განათლების დონის შრომის ბაზართან შესატყვისობის უზრუნველყოფას აპირებს.
ამისთვის იგეგმება საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, სამუშაოს მძებნელთა და დამსაქმებელთა კოორდინაციის უზრუნველყოფა, ინფორმაციული მხარდაჭერის მიწოდება პროფესიის ასარჩევად და კადრების გადამზადება.
ამ მიზნით საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების ახალი სისტემა გაჩნდება, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ მიმართულებებსა და სპეციალობებზე, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და დაკავშირებულია ეკონომიკურ გაძლიერებასთან.
ახალი მთავრობა ასევე აპირებს პროფესიული განათლების სისტემის არსებით რეფორმირებას. რეფორმა გულისხმობს სახელმწიფოს, რომელიც აფინანსებს პროფგანათლებას, და კერძო სექტორის თანამშრომლობას იმგვარად, რომ დამსაქმებელმა და სასწავლებელმა მომავალ სპეციალისტს ერთობლივად ასწავლონ.
პროგრამის თანახმად, დამსაქმებლების მონაწილეობით პრიორიტეტული მიმართულებები გამოიყოფა. დამსაქმებლები თვითონ შეიმუშავებენ სწავლების პროგრამას და მოსწავლეების შეფასებაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოში ასევე გაჩნდება განათლების ახალი სახეობა – სამეწარმეო განათლება. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს, პროფესიის დაუფლებასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობის მხარდამჭერ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.
ახალი მთავრობა ასევე აპირებს პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებას, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პენსიონერების დასაქმებას მოიაზრებს.
ბიზნესი და ეკონომიკური რეფორმები
მომავალი მთავრობის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და მომავალ ეკონომიკურ რეფორმებს.
ახალი მთავრობა პირობას დებს, რომ დაიცავს საკუთრების ხელშეუხებლობას და უძრავი ქონების ხელყოფის წინააღმდეგ მექანიზმის ამუშავებას აპირებს, თუ საქმე სასამართლო გარჩევას არ უკავშირდება. ასევე იგეგმება საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა.
პროგრამით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნა ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა შეუვსებელი ზედნადები, საქონლის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე, უაქციზო საქონლის რეალიზება და საბუღალტრო აღრიცხვის წესების დარღვევა.
ამასთან, მთავრობის პროგრამით, 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი. ასევე, მთავრობა აპირებს ამნისტიის გამოცხადებას მსგავსი დანაშაულის 2013 წლის 1 იანვრამდე ჩამდენთა მიმართ. ამნისტია შეეხება მათაც, ვინც გააყალბა საგადასახადო დოკუმენტაცია.
იგეგმება მორატორიუმის გამოცხადება ნებისმიერი სახის საქმიანობაზე (გარდა საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულისა) ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემაზე.
გეგმაშია ასევე ახალი კანონის „ინვესტიციების შესახებ“ ინიცირება, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ინვესტორების მოზიდვას და მათთვის მომგებიანი პირობების შექმნას.
სოციალური დახმარება და პენსიები
საქართველოს ახალი მთავრობა უახლოეს ოთხ წელიწადში საპენსიო სისტემის სრულ შეცვლას აპირებს. კერძო სექტორში დასაქმებულთათვის შემოიღებენ დაგროვებით პენსიას. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. ამასთან, პენსიის დაგროვებაში მონაწილეობას მიიღებენ დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.
მომავალი მთავრობა დარწმუნებულია, რომ კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას აქვს ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და, საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
პროგრამაში გათვალისწინებულია კეთილდღეობის შეფასების კრიტერიუმების ცვლილება და სუბიექტური ფაქტორების გამორიცხვა.
მომავალი მთავრობა დახმარებას ჰპირდება ხანშიშესულ ადამიანებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს, ასევე ეკომიგრანტებს.
ჯანდაცვა
საქართველოს ახალი მთავრობა უახლოეს ოთხ წელიწადში საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შენარჩუნებას აპირებს, მაგრამ რამდენადმე სახეცვლილი სახით.
პროგრამის თანახმად, უფასო სამედიცინო დაზღვევა ექნება ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც შემოსავალი არა აქვს. დასაქმებული მოქალაქეები თავის სამედიცინო დაზღვევის საფასურს თავად გადაიხდიან.
მათთვის, ვინც სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს, მომავალი მთავრობა ოჯახის ექიმის როლის გაზრდას გეგმავს. ეს ექიმი დაავადებების პროფილაქტიკას ჩაატარებს, რაც მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული პროგრამების დაფინანსება — С-ჰეპატიტის, ფსიქიური და ონკოლოგიური დაავადებების.
საქართველოს მთავრობის პროგრამაში პირველად მოხვდა პუნქტი ქვეყანაში სამედიცინო განათლების გაუმჯობესების შესახებ, როგორც ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების ნაწილი. ექიმების პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებისთვის მთავრობა მათ განათლებაზე ზრუნვას დიპლომის აღების შემდეგაც აპირებს.
საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება
საქართველოს მომავალი მთავრობა არ აპირებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შეცვლას — უარის თქმას ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე და რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგზე.
პროგრამის თანახმად, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა აშშ, ხოლო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი — საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამასთან იგეგმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების დაცვა და კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა.
საქართველოს ახალი მთავრობა გააგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ დიალოგს რუსეთთან.
ასევე, მთავრობა აპირებს ებრძოლოს ანტიდასავლურ პროპაგანდას მოსახლეობის ინფორმირებულობის გზით.