საქართველოს პრეზიდენტი: მთავარია, ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე მოვიგოთ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათს უფლებამოსილების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონე უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრების შელახვის ინტერესი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა.

ოთხშაბათს „ვაზიანის“ სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა. გენშტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა 22 ნოემბერს ამოეწურა. 

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ჩაჩიბაია დანიშნა

„მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი. მე მჯერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად თქვენ ამ მნიშვენლოვან მისიას წინ წასწევთ და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებით. გამარჯვებას გისურვებთ ამ თანამდებობაზე!“ — განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა გენშტაბის ყოფილ უფროსს ვახტანგ კაპანაძეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს სამი წლის ვადით საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის წარდგენით ნიშნავს.

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია 1971 წლის ნოემბერში დაიბადა. სხვადასხვა წლებში მან სამხედრო განათლება მიიღო როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. საქართველოს შეიარაღებული ძალებში ვლადიმერ ჩაჩიბაია 1989 წლიდან ირიცხება. 1989 წლიდან 1991 წლამდე ის საქართველოს საჰაერო ძალებში მსახურობდა. მოგვიანებით ჩაჩიბაია ეროვნულ გვარდიაში გადავიდა, სადაც სერჟანტის წოდება მიიღო. 

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია გაიმართა

სამხედრო სამსახურის პერიოდში ჩაჩიბაია დაზვერვის ასეულშიც მსახურობდა. 2008 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შემდეგ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

2009 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს. 2010-2012 წლებში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2012 წელს დაიკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2015 წელს გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) უფროსი სამხედრო მრჩევლის რანგში ავღანეთში გაემგზავრა.

ერთი წლის შემდეგ ჩაჩიბაია სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი გახდა. 2016 წლის აგვისტოში ვლადიმერ ჩაჩიბაია ისევ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0